მოწმე - გვცემეს, ოლეგ ფაცაცია ითხოვდა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდისთვის გვეგინებინა
მოწმე - გვცემეს, ოლეგ ფაცაცია ითხოვდა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდისთვის გვეგინებინა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბრალდების მხარემ ერთ-ერთი გარდაცვლილი პატიმრის, ასევე დაზარალებული გელა მოსიაშვილის ჩვენება გამოაქვეყნა. მან მისი და პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას წამების დეტალები გაიხსენა.

„პირველად ერთმანეთს კარანტინში შევხვდით. კარანტინის დაშლა ცემით ხდებოდა, გვცემეს ჩვენც. 2011 წელს კარანტინში ისევ შევხვდით. 249-ე საკანში შეგვასახლეს, შემოვიდნენ და გვითხრეს, რატომ ვხმაურობდით, ხელკეტებით გვცემეს უმოწყალოდ. კარანტინში რომ შემიყვანეს, მცემეს, მერე პაპუნა გამოიყვანეს და მასაც სცემეს. ოლეგ ფაცაცია ითხოვდა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდისთვის გვეგინებინა, რაზეც თქვა, რომ არ იცნობდა ამათ. კვარაცხელიას სახეზე ფეხსაცმლის ძირების კვალი ეტყობოდა, ვერავის ცნობდა. ამის მერე ვნახე 2013 წელს და მითხრა, რომ თავის სიმსივნე განუვითარდა“, – აღნიშნა მოწმემ.

პროკურორმა კიდევ ერთი ყოფილი პატიმრის ჩვენება წაიკითხა, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

როგორც ჩვენებაში პატიმარი აღნიშნავს, ციხის თანამშრომლებეს არაერთხელ ჰყავთ ნაცემი.

„კარანტინში ვიყავით 15-მდე პატიმარი, გვცემდნენ უმიზეზოდ. მერე მომიწია კარანტინის დაშლის პროცესი. გაყავდათ 3-3 და უმოწყალოდ ცემდნენ და გამოდიოდა ხმები, არავის არ უნდოდა გასვლა საკნდიდან. როცა გამიყვანეს, დამიწყეს სასტიკი ცემა, მირტყამდნენ ხელკეტებსაც, არ შეიძლებოდა წაქცევა, რადგან მერე უფრო გვისწორდნებოდნენ. მერე გადავიყვანეს სხვა საკანში, იქაც გვცემეს “ბეშქენამ ” და “ბასკიმ”. იქვე ცემეს კიდევ ერთი ხელზე ტატუს გამო. როცა საკანში შევედი მეორე დღეს შემოვიდნენ ოლეგ ფაცაცია, ბეშქენა, ხონსკი და ლისი, გვითხრეს ხმაურიაო და დაგვიწყეს სასტიკი ცემა. ასე შემოდიოდნენ თითქმის ყიველდღე და გვცემდნენ უმოწყალოდ. მაგალითად, ნარკომანს ეკითხებოდნენ, რატომ გაიკეთეო და ცემდნენ. ასევე ერთის გამო, ყველა ისჯებოდა. ეს ოლეგის დაუწერელი კანონი იყო. ცემის გარდა, მთელი დღე ფეხზე დამდგარს და ხელებაწეულს გვამყოფებდნენ, ხანდახან საწოლის ქვეშ გვაწვენდნენ მთელი დღე. გვაყენებდენენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ცემა იმდენად სისტემატიურად მიმდინარეობდა, რომ ვეღარც ვიხსენებ ყველას. განცხადებით არავისთვის მიმიმართავს, ამას ვინ გაბედავდა, ალბათ მოგვკლავდნენ”, – წერს პატიმარი ჩვენებაში.

პროკურატურამ პატიმრების წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, 40-მდე ეპიზოდზე ბრალი 7 პირს, მათ შორის გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის უფროსს ოლეგ ფაცაციას წაუყენა. მასვე პროკურატურა ყოფილი პატიმარ პაპუნა კვარაცხელიას წამებას ედავება.