მოწმე გიორგი ჭანტურია - ბუტა რობაქიძის გვერდით ავტომატი არ დამინახავს
ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას, შს სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმის გიორგი ჭანტურიას დაკითხვა მიმდინარეობს.
ჭანტურია საპატრულო პოლიციის ის თანამშრომელია, რომელმაც მეწყვილესთან, დავით აბუაშვილთან ერთად, რობაქიძისა და მისი მეგობრების ავტომობილი გააჩერა.
ბრალდების მხარის განმარტებით, ჭანტურიამ გამოძიებას მისცა ჩვენება, სადაც ამბობს, რომ დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონიათ და ამ ჩვენებას დაადასტურებს ის პროცესზე. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ჭანტურია ფიგურირებს მათ ვიდეო მტკიცებულებაში, სადაც ის, მათივე განმარტებით, მტკიცებულებებს – ავტომატს, ადგილს უცვლის.
“პირველი არხის” კორესპონდენტის ცნობით, როგორც ჭანტურიამ განაცხადა, რობაქიძის გვერდით ავტომატი არ დაუნახავს და არ ახსოვს, რომ ვინმეს, ვინც იმ ავტომანქანაში იყო, იარაღი ჰქონოდა.
„ხმამაღალი საუბარი და შეხლა-შემოხლა დაიწყო. მოვთხოვეთ ყველას, ხელები საბარგულზე დაელაგებინათ. კანონსაწინააღმდეგო იარაღი არ ჰქონიათ. ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, დავბრმავებულვარ მაშინ. ლობჟანიძე და ბაშალეიშვილი რომ მოვიდნენ, ცოტა ხანში გავიგონე გასროლის ხმა. ვიკითხე, რა ხდება-მეთქი, რადგან არ იყო გასროლის წინაპირობა იმიტომ, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურად გვემორჩილებოდნენ და რასაც ვეუბნებოდით, იმას აკეთებდნენ. ვკითხე, რატომ გაისროლეთ-მეთქი. იარაღი გამივარდაო, ბაშალეიშვილმა მითხრა. როცა დაეცა დაჭრილი რობაქიძე, მასთან ავტომატი არ დამინახავს. არ მახსოვს რომ ვინმეს, ვინც იმ ავტომანქანაში იყო, იარაღი ჰქონოდა. არავის არ ჰქონია იარაღი. ჩავიხედე სალონშიც. განათებული იყო ის ადგილი, სადაც გავაჩერეთ მანქანა და ხილვადობა ნორმალური იყო. კრიმინალური პოლიციის მოსვლის შემდეგ ვნახე, რომ რობაქიძის გვერდით ჩნდება ავტომატი. ვინ დადო, ვერ გეტყვით, არ დამინახავს”, – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
საქმის ამ ეპიზოდზე პროცესები 5 წელია, რაც მიმდინარეობს. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ბრალი 5 პირს – ირაკლი ფირცხალავას, გურამ დონძეს, დავით იაშვილს, ზურა მიქაძესა და ზაზა ბაქრაძეს წარუდგინა.