მოულოდნელი აღმოჩენა მიუთითებს, რომ ზოგიერთი კულტურა ქალაქში მეტ მოსავალს იძლევა, ვიდრე სოფლად — #1tvმეცნიერება
სოფლის მეურნეობის ისეთი კულტურები, როგორებიც არის კიტრი, კარტოფილი და სალათა, ოთხჯერ მეტ მოსავალს იძლევა საქალაქო ზონებში, ვიდრე სოფლებში. სოფლის მეურნეობის მომავლისთვის მნიშვნელოვანი ამ აღმოჩენის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.
ამჟამად, გლობალური საკვების 15-20 პროცენტი ქალაქებში მოჰყავთ, მათ შორის, პარკოსნების, ბოსტნეულისა და ბოლქვიანების 5-10 პროცენტი. თუმცა, კიდევ უფრო მეტი მონაცემია საჭირო იმის დასადგენად, შეუძლია თუ არა მზარდ ქალაქებს საკუთარი თავის შენახვა.
რადგან ქალაქური ცხოვრების წესი მთელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მკვიდრდება, ახალი კვლევის ავტორებს სურდათ შეესწავლათ ურბანული სოფლის მეურნეობის, როგორც კვების უსაფრთხოების გაუმჯობესების გზის სიცოცხლისუნარიანობა და მდგრადობა.
„მზარდი პოპულარობის მიუხედავად, ურბანული სოფლის მეურნეობის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. თუნდაც ის, არის თუ არა მოსავალი ისეთივე, როგორიც ტრადიციულ სოფლის მეურნეობაში, ანდაც ძირითადად რომელი კულტურები მოჰყავთ“, — ამბობს ბრიტანეთის ლანკასტერის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერი ფლორიან პაიენი.
53 სხვადასხვა ქვეყანაში, 2000-ზე მეტ ადგილას აქამდე ჩატარებული 200 კვლევის ანალიზისას, ჯგუფმა გარკვეულწილად დაზუსტებული პასუხი მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ ანალიზი ასევე მოიცავდა როგორც ე. წ. რუხ სივრცეებს (მაგალითად, გზებს და სახურავებს), ისე მწვანე სივრცეებს (პარკებს და მიწის ნაკვეთებს).
აშკარა გამარჯვებული არ გამოვლენილა იმ თვალსაზრისით, თუ რომელი ურბანული სივრცეა საუკეთესო კულტურების ზრდისთვის. თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი კულტურა განსაკუთრებით კარგად ერგება ზრდის გარკვეულ გზებს.
მაგალითად, წყლიან ბოსტნეულს (მაგალითად, პომიდორი) და მწვანილებს მაღალი მოსავალი აქვთ ჰიდროპონიკურ გარემოში, სადაც ნიადაგის ნაცვლად წყალს იყენებენ.
მკვლევართა დასკვნით, ისეთი საკვები, როგორიცაა სალათა, კომბოსტო და ბროკოლი ბუნებრივად უფრო მორგებულია ვერტიკალურად ზრდას. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ურბანული სოფლის მეურნეობა ზოგიერთი კულტურისთვის სხვებზე მეტად უკეთესია.
„ჩვენდა გასაკვირად, მცირე სხვაობა აღმოჩნდა დახურული და ღია მწვანე სივრცეების მთლიან მოსავალში, მაგრამ აშკარა სხვაობა იყო კულტურების ტიპების სხვადასხვა რუხ სივრცესთან თავსებადობაში“, — ამბობს პაიენი.
უცნობი რჩება, რამდენად ეკონომიურია ურბანული სოფლის მეურნეობა სასოფლოსთან შედარებით. მხედველობაში უნდა მივიღოთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საკვების ზრდისთვის საჭირო, ძვირად ღირებული კლიმატ-კონტროლირებადი გარემო და საჭირო პერსონალი.
ურბანული სოფლის მეურნეობის განვითარება შეიძლება მომგებიანი იყოს მრავალმხრივ; მაგალითად, უკეთესად ვიყოთ აღჭურვილი შემდეგ პანდემიაში გადასარჩენად, რათა შევამციროთ საკვების წარმოებისთვის საჭირო გარემოს ხარჯები.
შემდეგმა კვლევებმა შეიძლება გაარკვიოს, თუ რამდენად ადვილად შეიძლება გაფართოვდეს ურბანული მეურნეობის გარკვეული მეთოდები, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქალაქის დაბინძურებას კულტურების ხარისხზე. შესასწავლი ჯერ კიდევ ბევრი რამ არის, მაგრამ ახალი კვლევის სახით, დასაწყისისათვის უკვე გვაქვს კარგი საფუძველი.
კვლევა Earth’s Future-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.agu.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.