მოსკოვის სიახლოვეს მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა. როგორც რუსული მედია წერს, ცეცხლი შენობის პირველ სართულზე გავრცელდა. დაშავდა ერთი ადამიანი. ამჟამად სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი დღეს დილით გაჩნდა ბალაშიხში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სტროიპარკში“. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცხლი ათი ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა შენობის სახურავის ნაწილი.
ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 35 ერთეული ტექნიკა და 110 ადამიანი. წინასწარი ვერსიით, ცეცხლი ელექტროგაყვანილობაზე მომხდარი მოკლე ჩართვის გამო გაჩნდა.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეში მოსკოვში მასშტაბური ხანძარი უკვე მეორედ გაჩნდა. 9 დეკემბერს ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში გაჩენილი ცეცხლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.