მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავში ხანძრის ერთ-ერთ ვერსიად მეხის დაცემა განიხილება [ფოტო/ვიდეო]
მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავში ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ ვერსიად მეხის დაცემა განიხილება. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერს.
ამასთან, „რია ნოვოსტი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მომხდარის მიზეზი ელექტრომოწყობილობების გაუმართაობა გახდა.
სამგზავრო თვითმფრინავში ხანძრის გაჩენის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 13 და დაშავდა ექვსი ადამიანი. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ავიაკომპანია „აეროფლოტის“ კუთვნილი თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეტ 100“ რუსეთის დედაქალაქიდან მურმანსკში ასრულებდა რეისს. შერემეტიევოდან აფრენიდან მალევე ლაინერი უკან დაბრუნდა და ავარიულად დაეშვა.
სამგზავრო ლაინერის ბორტზე სულ 73 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა მომხდარის გამოსაძიებლად სპეციალური სახელმწიფო კომისიის შექმნის განკარგულება გასცა.
საგანგებო მდგომარეობის გამო, შერემეტიევოს აეროპორტში მისაღები რეისების ნაწილი დომოდედოვოში გადაამისამართეს.
რუსული მედიის ცნობით, მურმანსკში თვითმფრინავის მგზავრების ახლობლებთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი.