მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპს 92 კანდიდატი აბარებს
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპს 92 კანდიდატი აბარებს

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

საკვალიფიკაციო გამოცდაზე ის პირები იმყოფებიან, რომლებმაც ტესტური გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. ასეთი სულ 92 გამოსაცდელია. მათ შორის საერთო სპეციალიზაციით – ორი, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით – 65 და სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით – 25.

წერითი გამოცდა ექვსი საათი გაგრძელდება. გამოცდის ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს თითოეული გამოსაცდელისთვის საგამოცდო ტესტის ინდივიდუალურად შედგენას. ტესტი შეიცავს საკვალიფიკაციო გამოცდისთვის გათვალისწინებული სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ ხუთ ღია პასუხიან დავალებას. დავალების შესრულების დროს გამოსაცდელმა უნდა შეძლოს სამართლებრივი კვალიფიკაცია – სამართლებრივი ნორმების შეფარდება დავალებაში მოცემულ სიტუაციასთან, ასევე, დავალების მსგავსი გადაწყვეტის დასაბუთება, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული არგუმენტებით.

ყოველი დავალება ფასდება 5-ქულიანი სისტემით. წერითი გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ გამოსაცდელი დააგროვებს სულ ცოტა 15 ქულას.

წერითი გამოცდა ტარდება გამოსაცდელის სურვილის შესაბამისად – ელექტრონული სისტემის საშუალებით ან წერილობით. გამოცდის წერილობითი ფორმით ჩაბარების მსურველ გამოსაცდელს გადაეცემა სპეციალური საგამოცდო რვეული.

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპი 21 ივლისს გაიმართა. მასში 233 მსურველი მონაწილეობდა. გამოსაცდელებს სულ მცირე 75 ქულა უნდა მიეღოთ, რაც მხოლოდ 73-მა მოახერხა. ამასთან, გამოცდის პირველი ეტაპის შემდეგ გამოსაცდელებს, რომელთაც ტესტური დავალების შესრულების დროს სულ ცოტა 70 ქულა დააგროვეს, საშუალება ჰქონდათ, მიემართათ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფისთვის. აპლიკანტების პრეტენზიების განხილვის შემდეგ მეორე ტურში მონაწილეთა რიცხვი 73-დან 92-მდე გაიზარდა.