გიორგი მიქაუტაძე - მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის სხვა უწყების მიერ ჩატარება შესაძლოა, სასამართლოსთვის საფრთხე იყოს
გიორგი მიქაუტაძე - მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის სხვა უწყების მიერ ჩატარება შესაძლოა, სასამართლოსთვის საფრთხე იყოს

საკვალიფიკაციო გამოცდა არის მოსამართლეთა შერჩევა-დამიშვნის პროცესის ერთ-ერთი ნაწილი, ვინაიდან საბჭო იუსტიციის სკოლაში ვერ აირჩევს კანდიდატს, თუ მას არ აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული, სასამართლო ხელისუფლებიდან ასეთი ფუნქციის გადატანა ხელისუფლების სხვა შტოში ვფიქრობ, რომ არასწორი იქნება და ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ეს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის წესში ცვლილების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ანა დოლიძის ინიციატივა, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა იუსტიციის სკოლის ნაცვლად გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატაროს, მიუღებელია.

გიორგი მიქაუტაძეს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება არის საბჭოს კომპეტენცია და მისივე თქმით, ხელისუფლების სხვა შტოსთვის ამ უფლების გადაცემა შესაძლოა, სასამართლო ხელისუფლებისთვის საფრთხე იყოს.

„მოსაზრების დონეზე დააფიქსირა ეს პოზიცია ქალბატონმა ანამ. პირველი – საკითხი მოწესრიგებულია ორგანული კანონით საერთო სასამართლოების შესახებ, სადაც პირდაპირ წერია, რომ იუსტიციის საბჭო ატარებს საკვალიფიკაციო გამოცდას. რაც შეეხება შინაარსობრივად რომ შევხედოთ საკითხს, ეს არის სასამართლო ხელისუფლების ვალდებულება. საკვალიფიკაციო გამოცდა არის მოსამართლეთა შერჩევა-დამიშვნის პროცესის ერთ-ერთი ნაწილი, ვინაიდან საბჭო იუსტიციის სკოლაში ვერ აირჩევს კანდიდატს, თუ მას არ აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული, სასამართლო ხელისუფლებიდან ასეთი ფუნქციის გადატანა ხელისუფლების სხვა შტოში ვფიქრობ, რომ არასწორი იქნება და ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ეს ეწინააღმდეგება. ეს შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეებს და იქნას აღქმული ისე, რომ მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის პროცესში ხდება ჩარევა სხვა ხელისუფლების მხრიდან. ეს თვისობრივად უნდა იყოს სასამართლო ხელისუფლების გადასაწყვეტი საკითხი“, – განმარტა გიორგი მიქაუტაძემ. 

რაც შეეხება ცვლილებებს, გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, საბჭო საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების სრულიად განახლებულ წესზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც მთავარი კითხვა რომელიც აქამდე არსებობდა, გამჭვირვალობა და უსაფრთხოება უფრო მეტად დაცული იქნება.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭი მუშაობს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესზე, რომელზეც იქნება ახალი დოკუმენტი. ჩვენ შევარჩიეთ საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია, რომელიც კონფიდენციალური პროცესია. გამოცდების ეროვნული ცენტრის დახმარებით მათ გაიარეს საკვალიფიკაციო სრულყოფილი თანამედროვე ტრეინინგი. ამჟამად საბჭომ სამსჯელოდ გამოუტანა წესის პროექტი, რომლის განხილვის საშუალება ექნება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და მომდევნო სხდომაზე საბჭო უკვე იმსჯელებს შენიშვნებთან ერთად.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე სტანდარტებით შეიქმნება ტესტები და შეიქმნება საგამოცდო პროგრამა.

ჩვენ ძალიან ხანგრძლივად გავდიოდით კონსულტაციას საერთაშორისო ექსპერტებთან. კონფიდენციალურიბა იქნება მაქსიმალურად შენარჩუნებული და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საბჭო პროცესს, რომ იყოს გამჭვირვალე და პროცესთან დაკავშირებით აღარ იყოს არანაირი შეკითხვა“, – განმარტა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ დღეს განაცხადა, რომ მეტი ნდობისთვის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უნდა ჩაატაროს.