გიორგი მიქაუტაძე - მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ სპეკულაციები მიუღებელია, არ არსებობს შესაძლებლობა, ტესტები წინასწარ გახდეს ცნობილი
გიორგი მიქაუტაძე - მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ სპეკულაციები მიუღებელია, არ არსებობს შესაძლებლობა, ტესტები წინასწარ გახდეს ცნობილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ მიიღო სრულიად ახალი, თანამედროვე წესი მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოცდა ორ ეტაპად ტარდება.

„დღეს მოვისმინეთ შეფასებები, თურმე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერევა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო  გამოცდების  შედეგებში და ეს ყველაფერი არის მოსამართლეთა ხელში. ეს არის სიცრუე. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, საბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ მიიღო სრულიად ახალი, თანამედროვე წესი მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ. გამოცდა ტარდება ორ ეტაპად. კომისია არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო, შედეგებს იგებს თქვენთან ერთად“, – განაცხადა მან.

მისი განმარტებით, გამოცდის პირველი ეტაპი არის ელექტრონული, ტარდება ტესტების ფორმით და გამოსაცდელს დასრულებისთანავე ეცნობება შედეგი, პროგრამა ავტომატურ რეჟიმში ასახავს და იძლევა ინფორმაციას რამდენი სწორი პასუხი იქნა გაცემული და რამდენი შეცდომაა დაშვებული.

„მეორე ეტაპი კი, ტარდება წერითი გამოცდის ფორმით, რომელსაც ორი დამოუკიდებელი კომისიის წევრი ამოწმებს. მათ არ იციან ერთმანეთის ვინაობა. შემდეგ ხდება ამ შედეგების შეჯერება და თუ არ დაემთხვევა, შემდეგ ერთვება უკვე კომისიის თავმჯდომარე. ამიტომ ფაქტობრივად გამორიცხულია რამე ხარვეზი.  ეს წესიც და კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ტრეინინგები ჩვენ გავიარეთ „იუესაიდის“ პროგრამა „პროლოგთან“ ერთად და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შექმნა სპეციალური მოდული, რომლის მიხედვითაც მოხდა კომისიის წევრების გადამზადება. „პროლოგისა“ და „იუესაიდისგან“ ჩვენ მივიღეთ ძალიან დადებითი შეფასება, ორჯერ ჩავატარეთ გამოცდა და ორივე შემთხვევაში“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, იყო მცირედი ხარვეზები, რომლის გასწორებაც ხდება.

რაც შეეხება ტესტებს, მიქაუტაძის თქმით, ტესტები დამოუკიდებელ სერვერზეა განთავსებული.

„ტესტების დაცულობას რაც შეეხება, ტესტები არის განთავსებული დამოუკიდებელ სერვერთან, რომელზე წვდომაც არავის აქვს. კომისიის თითოეულ წევრს დამოუკიდებლად შეჰყავს კითხვები,  რომელიც მან შეადგინა ამ პროგრამაში ისე, რომ ამ კითხვების შესახებ ინფორმაცია სხვას არავის აქვს. ამიტომ ყოველგვარი სპეკულაცია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად მიუღებელი და საზოგადოებას მიეწოდება ცრუ ინფორმაცია“, – აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ ვისი ბრალეულობა შეიძლება გამოიკვეთოს მოსამართლეობის კანდიდატების გამოცდების ტესტების გაჟონვის ფაქტის გამოძიებისას, მიქაუტაძე ამბობს, რომ ეს გამოძიების საკითხია, რომელიც მიმდინარეობს.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამის შემდეგ საბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ მიიღო ახალი წესი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების, შეიქმნა ახალი კომისია, რომელმაც გაიარა ტრენინგები ევროპულ სტანდარტებთან აბსოლუტურად შესაბამისობაში. ამ განახლებული წესით არის ჩატარებული ორი საკვალიფიკაციო გამოცდა და თუ ვინმეს რამე შენიშვნა აქვს, საქმიან შენიშვნაზე არის საუბარი და არა პოლიტიკურ სპეკულაციებზე, მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადამიანთან ერთად გავიარო ეს საკითხი და მივაწოდო ყველა საჭირო ინფორმაცია, რომ გამოცდები ტარდება სრულიად ახალი მეთოდით და არანაირი ცდომილება არ არსებობს, არანაირი შანსი იმის, რომ წინასწარ გახდეს ტესტები ცნობილი არ არსებობს. შესაბამისად, არც საბჭოს და არც სხვა რომელიმე თანამდებობის პირს ან ორგანოს არ აქვს უფლება-მოსილება და საშუალება ელემენტარულად ჩაერიოს რამე ფორმით ამ პროცესში“, – აღნიშნა მიქაუტაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ტესტების გაჟონვის ფაქტზე გამოძიებისას უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის პასუხისმგებლობა გამოიკვეთოს, მიქაუტაძე ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი მას არ აქვს.

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეობის კანდიდატების გამოცდების ტესტების გაჟონვა ძალიან მძიმე ფაქტია და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს, რა მოხდა. კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობდნენ, დაისვა კითხვა, რამდენად არის დაზღვეული კანონპროექტით ისეთი ფაქტები, როგორიც არის მოსამართლეობის კანდიდატების გამოცდების ტესტების გაჟონვის ფაქტი.