ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეობის კანდიდატების გამოცდების ტესტების გაჟონვა ძალიან მძიმე ფაქტია და უნდა გაირკვეს, რა მოხდა
ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეობის კანდიდატების გამოცდების ტესტების გაჟონვა ძალიან მძიმე ფაქტია და უნდა გაირკვეს, რა მოხდა

მოსამართლეობის კანდიდატების გამოცდების ტესტების გაჟონვა ძალიან მძიმე ფაქტია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროკურატურას,  ყველა შესაბამის სტრუქტურას, ამას წერტილი დაესვას და გაირკვეს, რა მოხდა რეალურად, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ, დაისვა კითხვა, რამდენად არის დაზღვეული კანონპროექტით ისეთი ფაქტები, როგორიც არის მოსამართლეობის კანდიდატების გამოცდების ტესტების გაჟონვის ფაქტი.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს, რა მოხდა, თუმცა ამ ერთი ფაქტიდან არ უნდა ამოვიდეთ, არ უნდა განვაზოგადოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ რადგან ერთხელ რაღაც დანაშაული მოხდა, სხვა შემთხვევაშიც შეიძლება კიდევ ბევრჯერ განმეორდეს. მე ამას ასე არ ვუყურებ, რადგან ეს არის ძალიან მძიმე კატეგორიის დანაშაული.

არის ძალიან ბევრი მოსამართლე, რომელსაც კარგად აქვს გამოცდა ჩაბარებული და ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებს მოვალეობას. მძიმე დანაშაულს სჭირდება უმკაცრესი რეაგირება, უნდა დაესვას ამას წერტილი და გაეცეს პასუხი, ვისი ბრალეულობა დადგინდა. ამ ფაქტით დაზიანდა სასამართლო სისტემა და შესაბამისად, ამას სჭირდება გამოსწორება. მე მესმის თქვენი განწყობა, რისკებთან დაკავშირებით. მე როგორ დავაზღვიო ეს. ჩვენ კანონმდებლები ვართ და როგორ უნდა ჩავწეროთ კანონში, ვინმემ ეს არ გაბედოს? ეს არის დანაშაული, ამას ჩვენ ვერ გადავაზღვევთ, რაც არ უნდა სისტემა ჩავდოთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.