საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2018 წლის 21 და 28 ივლისს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდას ატარებს.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 19 მარტის №1/152 გადაწყვეტილებით დამტკიცებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის მიზნებისთვის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება:
1. პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით „სამართლისმცოდნეობა“ და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს „იურისტის“ კვალიფიკაცია;
2. პირი, რომელსაც აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, დიპლომირებული სპეციალისტის, ან მაგისტრის უმაღლესი აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი უნდა ფლობდეს სამართლის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხსაც სამართალმცოდნეობაში.
3. პირი, რომელსაც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის ან სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი უნდა ფლობდეს სამართლის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხსაც.
პირი, რომელიც სავარაუდოდ, ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.
პირი, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს უცხოეთში, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება განათლების აღიარების შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.
გამოცდაზე რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 29 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით ელექტრონული სახით.
გამოცდის საფასური შეადგენს 200 ლარს.