მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდებას პოლიტიკური მოტივებით კატეგორიულად გამორიცხავს
მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდებას პოლიტიკური მოტივებით კატეგორიულად გამორიცხავს

2005-2012 წლებში მაღალი თანამდებობის პირები დაინტერესებული იყვნენ, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ ჩატარებულიყო სამართლებრივი ღონისძიებები იმ პირთა დასადგენად, ვინც თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ მოსამართლე შორენა გუნცაძემ მიხეილ სააკაშვილის გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ აღნიშნა.

მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლის თქმით, სასამართლო კატეგორიულად გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდებას პოლიტიკური მოტივებით.

„სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება დაწყებულია 2005 წლის ივლისში, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის დროს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი.

საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა პრეზიდენტ სააკაშვილსა და ამ პერიოდში დეპუტატ გელაშვილს შორის დაპირისპირების არსებობა, მოგვიანებით, 2014 წლის აგვისტოში, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ყოფილი პრეზიდენტი ყოფილ დეპუტატ გელაშვილს ყაჩაღადაც კი მოიხსენიებს.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საწყის ეტაპზე ამ საქმეზე გამოძიება წარმოებდა დაახლოებით ორთვენახევრის მანძილზე და 2005 წლის 5 ოქტომბრის შემდგომ, 2012 წლის 13 ნოემბრამდე საქმეზე არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხებოდა საკანონმდებლო ორგანოს წევრს, რომელიც იმთავითვე აცხადებდა, რომ მასზე თავდასხმა განხორციელდა სპეცსამსახურის მხრიდან.

2007 წლის ოქტომბერში ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში კი ირაკლი ოქრუაშვილმა ამხილა იმ პერიოდში პრეზიდენტი სააკაშვილი და შს მინისტრი იმაში, რომ ისინი იყვნენ ორგანიზატორები ვალერი გელაშვილზე თავდასხმის განხორციელების.

ამის მიუხედავად, მთელი შვიდი წლის განმავლობაში საგამოძიებო ორგანოს არ განუხორციელებია არც ერთი საგამოძიებო მოქმედება, რაც მიუთითებს არა 2012-2013 წლების შემდგომ წარმოებული გამოძიების მიკერძოებაზე, არაობიექტურობასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, არამედ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2005-2012 წლებში, მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ დაინტერესებული, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ ჩატარებულიყო სამართლებრივი ღონისძიებები იმ პირთა დასადგენად, ვინც თავდასხმა განახორციელა, რათა შემდგომში არ მომხდარიყო იმ პირების ვინაობის დადგენა, რომლებიც ამჟამად უკვე მსჯავრდებულები არიან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე“,- განაცხადა მოსამართლემ.

მიხეილ სააკაშვილს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება ედებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს შეიარაღებული თავდასხმისა და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება ედებოდა ბრალად.

მასთან ერთად ამავე საქმეზე პასუხისგებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ივანე მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გია სირაძე მიეცნენ. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილის, კოდუასა და სირაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენებია დამდგარი.

კერძოდ, ივანე მერაბიშვილს საქალაქო სასამართლომ 6 წლითა და 9 თვით, ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.