მოსამართლე ლევან თევზაძე - „ვეტინგი“ უკრაინაში ჩაატარა ადეიშვილის მოადგილე წოწორიამ და მის მიერ შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, სერგო მეთოფიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, სადაც ე.წ. ვეტინგის საფრთხეებსა და აღნიშნული სისტემის მომხრე ცხრა მოსამართლის არაკოლეგიალურობაზეა საუბარი.
როგორც თევზაძე წერს, უკრაინაში, ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, ნონა წოწორიას მიერ „ვეტინგის“ სისტემით არჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
„ერთსაც მივამატებდი, ე.წ. ვეტინგი უკრაინაში ჩაატარა საერთაშორისო ექსპერტმა, ნონა წოწორიამ, ზურაბ ადეიშვილის პირველმა მოადგილემ. არ გეჩვენებათ, მან ჩაატარა და ძალიან მალევე მათი შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე (რამდენიმე მილიონის) დააკავეს“, – წერს მოსამართლე ლევან თევზაძე.
მოსამართლე ლევან თევზაძემ „ვეტინგთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი 11 მარტსაც გამოაქვეყნა.
„ჩვეულებრივი 37 წელია, ახლა უკვე ე.წ. ტროიკებით სურთ უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეების გასამართლება!
თუ „ვეტინგის“ საჭიროება არის, გამოდის, რომ მე არ ვარ კეთილსინდისიერი, რომ ვარ კორუფციაში ჩართული, რისი მტკიცებულებაც უნდა ქონდეთ კიდეც! თუ ეს ასეა, დადეთ, ბატონებო, ეს მტკიცებულებები, მაგრამ როცა არ არის, რას დადებთ?! თქვენ ხომ ჭორებზე და პირად ინტერესებზე დაყრდნობით გსურთ, წინასაარჩევნოდ შექმნათ ილუზიები უზენაესი სასამართლოს ცუდ მდგომარეობაზე.
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია („ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „საერთაშორისო გამჭირვალობა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“), ანტიკორუფციულ ბიუროსთან ერთად, ამოწმებს ჩემს საჯარო დეკლარაციას, ყველა კანონისმიერი მოთხოვნა ჩემ მიერ სრულდება პატიოსნად, მიმაქვს საბანკო გადარიცხვები, ოჯახის წევრების ანგარიშების შესახებ სრული ინფორმაცია, ყველა ხელშეკრულება თუ დოკუმენტი, რაც დაკავშირებულია ჩემს ფინანსებთან, მაგრამ მცირე დარღვევაც ვერ აღმომიჩინეს.
მას შემდეგ, რაც უზენაეს სასამართლოში ვერ მოხვდნენ „მათთვის სასურველი“ კანდიდატები, რასაც მოჰყვებოდა ასევე „მათთვის სასურველი“ გადაწყვეტილებები, ახლა ცდილობენ, თავს მოახვიონ საზოგადოებას ვითომ რეფორმები.
ჩემი კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა ჩემს გადაწყვეტილებებშია ასახული, რომლებშიც სტრასბურგის სასამართლოს ერთხელაც კი არ შეუტანია ეჭვი! ჩემი კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა საზოგადოებამ არაერთხელ ნახა ტელევიზიის პირდაპირ ეთერებში, მაგრამ… ბევრს აღარ გავაგრძელებ!
ხელები შორს სასამართლო სისტემიდან!“ – დაწერა მოსამართლე ლევან თევზაძემ.