ჰერმან საბო - „ვეტინგის“ შემოღება სისტემურ ცვლილებას ვერ მოიტანს
ჰერმან საბო - „ვეტინგის“ შემოღება სისტემურ ცვლილებას ვერ მოიტანს

„ვეტინგის“ თემაზე მთელი ოპოზიცია რიგშია და ყველა ითხოვს, გამოსავალი დღეს, აქ და ახლა არის „ვეტინგი“. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ საკითხს, ოპოზიციისგან განსხვავებული აზრი გვაქვს, არა მხოლოდ იმ გამოგონილი არგუმენტებით, თითქოს „ვეტინგი“ სუვერენიტეტში ჩარევაა და როგორ შეიძლება, ქართველი მოსამართლე შეაფასოს სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც საბომ აღნიშნა, „ვეტინგს“ რამდენიმე არგუმენტით ეწინააღმდეგებიან.

მისი გამარტებით, „ვეტინგის“ შემოღება ვერ მოიტანს სისტემურ ცვლილებას, რადგან „ვეტინგის“ შემთხვევაში, შეიძლება, საჩვენებლად დაისაჯოს რამდენიმე მოსამართლე, მაგრამ სისტემა დარჩება იგივე. „ვეტინგი“ ერთჯერადი ტალახის ჩამორეცხვაა, თუმცა ამ ერთჯერადი ქმედებით სისტემას ლეგიტიმაცია და ნდობა ვერ დაუბრუნდება.

მისივე თქით, მიუხედავად იმისა, რომ „ვეტინგის“ შემთხვევაში ეს ყველაფერი უცხოელი ექსპერტებით შეიფუთება, საბოლოო გადაწყვეტილებას, ვინ დარჩეს სისტემაში და ვინ – არა, პოლიტიკოსები მიიღებენ.

„ვფიქრობ, პოლიტიკოსები სასამართლოს უნდა შევეშვათ. ხელიდან ვერ ვუშვებთ სასამართლოს, ვერ ვთმობთ ამხელა ძალაუფლებას და იმისთვის, რომ ჩვენს სასამართლოს რამე მაინც ეშველოს, საჭიროა, ამ სისტემაში ადამიანობა და ნდობა შემოვიტანოთ. ამის რამდენიმე გზა არსებობს – ყველა მათგანი იქნება კონკურენციის და ადამიანური ნდობის შემომტანი“, – განაცხადა ჰერმან საბომ და ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.

„ძვირფასო ოპოზიციავ, სიმართლე და მორალური არგუმენტი ჩვენკენ არის და თქვენ მთავარ არგუმენტად ის გაქვთ დარჩენილი, ამით „ქოცები“ ისარგებლებენო“, – განაცხადა ჰერმან საბომ.