გაერო-ს განცხადებით, გლობალური დათბობის 1,5-გრადუსიან ზღვარს მსოფლიო დაახლოებით ათ წელიწადში გადალახავს; ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ კლიმატის ცვლილების გამანადგურებელი ეფექტები მოსალოდნელზე სწრაფად გვირტყამს.
კაცობრიობის ისტორიაში გადამწყვეტი დეკადის მოხსენებათა სერიის ძირითად ნაწილში, გაერო-ს კლიმატის საკონსულტაციო საბჭო მოითხოვს, რომ მკვეთრად შემცირდეს პლანეტის გამაცხელებელი ემისიები.
კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის (IPCC) მთავარი გზავნილი ის არის, რომ მაშინ, როცა კაცობრიობამ პლანეტა კლიმატური კატასტროფის პირას მიიყვანა, ჯერ მაინც რჩება დრო გლობალური ტემპერატურის შედარებით უსაფრთხო საზღვრებში მოვაქციოთ.
ეს კი უზარმაზარ გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს.
„ემისიების ღრმა, მდგრადი შემცირებისა და უსაფრთხო, ცხოვრებისათვის ხელსაყრელი, მდგრადი მომავლის მისაღწევად, საჭიროა სწრაფი და შორსმიმავალი გადასვლები ყველა სექტორსა და სისტემაში“, — წერია მოხსენების შეჯამებაში.
IPCC-ის ნაშრომი ეფუძნება კლიმატის ცვლილების შესახებ მეცნიერულ ცოდნას და წარმოქმნის ბაზისს, რომელსაც უახლოეს წლებში უნდა დაეყრდნოს ინტენსიური პოლიტიკური და ეკონომიკური მოლაპარაკებები, რომლებიც წლის ბოლოს, დუბაიში დაიწყება UN COP28-ის კლიმატური მოლაპარაკებებით.
36-გვერდიანი შეჯამება წარმოადგენს 2018 წლის შემდეგ გამოქვეყნებული ექვსი დიდი მოხსენების სინთეზს და სასტიკი შეხსენებაა იმისა, რომ ჯერ კიდევ კაცობრიობის ხელშია კლიმატური კატასტროფის თავიდან აცილება.
თუმცა, როგორც IPCC-ის თავმჯდომარე აღნიშნავს, ეს გახლავთ „იმედის გზავნილი“.
„გვაქვს ნოუჰაუ, ტექნოლოგია, ხელსაწყოები, ფინანსური რესურსები — ყველაფერი, რაც საჭიროა იმ კლიმატური პრობლემების დასაძლევად, რომელთა შესახებაც უკვე დიდი ხანია ვიცით. ამ მომენტში გვაკლია მხოლოდ ძლიერი პოლიტიკური ნება, რათა ეს პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ“, — ამბობს ჰუსანგ ლი.
IPCC-ის განცხადებით, მსოფლიო ამჟამად იმ გზას ადგას, რომ 2030-იანი წლების დასაწყისში 1,5 °C-ით გადააჭარბებს ინდუსტრიამდელ ეპოქაში არსებულ გლობალურ საშუალო ტემპერატურას, რასაც ახლო მომავალში მწვავე ეფექტები ექნება. სწორედ ამის არდაშვებაა პარიზის კლიმატური ხელშეკრულების ამბიციური მიზანი.
„ის ფაქტი, რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ამ ყველაფერს ჯერ კიდევ გარკვეულწილად უარყოფენ და აქტიურად მიდიან მცდარი მიმართულებით, საბოლოოდ, უპრეცედენტო ღალატის სახით იქნება აღქმული და გაგებული“, — განუცხადა კლიმატურმა აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა გამოცემა AFP-ს.
სხვათა შორის, დღეს, საშუალო ტემპერატურის 1,2 °C-ით მატების პირობებშიც კი, მსოფლიო უკვე ხედავს ექსტრემალური ამინდის გამანადგურებელ შედეგებს. ყველაზე მოწყვლად მოსახლეობას ამ ყველაფერმა უკვე მძიმედ დაარტყა.
„ყველაზე ცხელი წლები, რომლებიც უკვე გადავიტანეთ, სულ რაღაც ერთ თაობაში, ყველაზე ცივები იქნება“, — ამბობს მოხსენების უფროსი ავტორი, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის კლიმატური მეცნიერი ფრედერიკო ოტო.
IPCC აღნიშნავს, რომ ტემპერატურის მატების 2 °C-ზე ქვემოთ შენარჩუნების სარგებელი საზოგადოებისა და მსოფლიო ეკონომიკისთვის, გაცილებით აღემატება ეკონომიკურ ხარჯებს.
1.5 °C-ით გადაჭარბება სიგნალი იქნება გადაშენებებისა ხმელეთზე და ოკეანეებში, მოუსავლიანობის, კლიმატურ სისტემებში ე. წ. „გარდამტეხი წერტილების“ მიღწევის შესაძლებლობათა ზრდის; მათ შორის იქნება ბიომრავალფეროვნებით მდიდარი მარჯნის რიფების განადგურება და პოლარული ყინულის საფარის დნობა, რაც თავის მხრივ, ზღვის დონეს ასწევს.
მოხსენების საპასუხოდ, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა აღნიშნა, რომ მდიდარმა ქვეყნებმა, რომლებსაც 2050 წლამდე სურთ ნახშირბადნეიტრალურობის მიღწევა, ეს მიზანი რაც შეიძლება უნდა დააჩქარონ, 2040 წლამდე გადმოსწიონ, რათა „განმუხტონ კლიმატური დროის ბომბი“.
„კაცობრიობა თხელ ყინულზე ზის და ეს ყინული სწრაფად დნება“, — ამბობს გუტერეში.
მოხსენების მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტრანსფორმაცია საჭირო იქნება ენერგიაში; მზისა და ქარის ენერგიის წილი უკვე დრამატულად იზრდება.
თუმცა, უკვე არსებული წიაღისეული საწვავის ინფრასტრუქტურის მიერ გამოყოფილი სათბურის აირები საკმარისი იქნება, რომ გლობალურმა ტემპერატურამ 1,5 °C-ით და მეტით მოიმატოს მაშინ, როცა არ გაგვაჩნია სათანადო ტექნოლოგია, რომელიც ატმოსფეროდან ამოიღებს და შეინახავს ნახშირბადის გამონაბოლქვებს.
მიუხედავად იმისა, რომ IPCC-ის ძირითადი მოხსენებები მეცნიერთა მიერ არის შედგენილი, შემაჯამებელ დოკუმენტზე თითქმის 200 ქვეყნის მთავრობა შეთანხმდა.
შვეიცარიის ქალაქ ინტერლაკენში ამ ტექსტზე მოლაპარაკებები ერთი კვირა მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოოდ, წარუმატებლად დასრულდა.
დამკვირვებელთა განცხადებით, საუდის არაბეთი განსაკუთრებით ცდილობდა ტექსტიდან ამოღებულიყო მონაკვეთები, რომლებიც გლობალურ დათბობაში მთავარ როლს წიაღისეულ საწვავს აკისრებდა.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით ოპტიმისტურ სცენარში, ანუ იმ შემთხვევაში, თუ არ დავუშვებთ ტემპერატურის 1,8 °C-ზე მეტით აწევას, კვლევები მიუთითებს, რომ 2100 წლისთვის, მსოფლიოს ნახევარზე მეტი საკუთარ თავზე გამოცდის სიცოცხლისთვის საშიშ უკიდურეს სიცხეს.
ამ სინთეზური ანგარიშის მიხედვით, ტენიან სიცხეს განსაკუთრებით საზიანო გავლენა ექნება ტროპიკებზე, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე, ბრაზილიის ერთ ნაწილზე და დასავლეთ აფრიკაზე.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.