მოქალაქე ზაალ ლატარიას შვილი ვარაუდობს, რომ მამამისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით დააკავეს
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მყოფი მოქალაქის, ზაალ ლატარიას შვილი ლანა ლატარია ვარაუდობს, რომ მამამისი უკვე დაკავებულია.
ლანა ლატარიამ ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
„პოლიცია მეუბნება, რომ აქ არ იმყოფება, თითქმის ყველა განყოფილება მოვიარე და ვერსად ვიპოვე. დღეს ჩამოვედი ზუგდიდიდან, გზაში „შკოდას“ მარკის ორი ავტომანქანა მომყვებოდა და სავარაუდოდ, ასე გავიდნენ მამაჩემამდე. ის სასტუმროში იყო. გარეთ რომ გამოვედით, მანქანიდან გადმოგვსვეს და მამაჩემი წაიყვანეს. გვითხრეს, რომ დაკითხვაზე მიჰყავდათ და არ აკავებდნენ“, – განაცხადა ლანა ლატარიამ.
მისი განცხადებით, სანამ ტელეფონს გამორთავდა, მამამისმა უთხრა, რომ დაკითხვა დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაკავშირებულ მასალებს ეხებოდა. ის ვარაუდობს, რომ ლატარია პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.
„არ ყოფილა არც ერთი პარტიის წევრი, თუმცა ყოფილი სამხედროა, უკრაინაში იბრძოდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. ერთხელ დააკავეს ნარკოტიკებზე, თუმცა ვერ დაუმტკიცეს და გამართლდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, პოლიტიკურ მოტივებს ვხედავ“, – განაცხადა ლანა ლატარიამ.
ბათუმში, პოლიციის მე-7 განყოფილებაში მოქალაქე ზაალ ლატარია გამოკითხვაზე რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, ზაალ ლატარია გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარეს.
არსებული ინფორმაციით, ზაალ ლატარია ყოფილი სამხედროა და ის ზუგდიდში ცხოვრობდა.
ლატარიას დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა შვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.