პროკურორი - მოწმეები ადასტურებენ, რომ ზაალ ლატარიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ინტერნეტში გაავრცელა და არაერთ პირს გაუგზავნა
პროკურორი - მოწმეები ადასტურებენ, რომ ზაალ ლატარიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ინტერნეტში გაავრცელა და არაერთ პირს გაუგზავნა

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებაში ბრალდებულ ზვიად ლატარიასთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

პროკურორის თქმით, ლატარიას გამოძიება 157-ე მუხლს ედავება, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის მოპოვებას, შენახვასა და გავრცელებას გულისხმობს.

პროკურორი ამბობს, რომ ლატარიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ინტერნეტსივრცეში გაავრცელა და არაერთ პირს გაუგზავნა. მუკბანიანი აცხადებს, რომ ამას მოწმეები ადასტურებენ.

კითხვაზე, როგორ მოიპოვა თავად ბრალდებულმა ეს ჩანაწერი, პროკურორი აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და კონკრეტული პირი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.

„ზაალ ლატარიას წარედგინა ბრალდება 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონო მოპოვება-შენახვასა და გავრცელებას. ეს ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მიმდინარეობს გამოძიება. ჯერ არ არის იდენტიფიცირებული, ვისგან მოიპოვა. მან უკანონოდ მოიპოვა ეს ჩანაწერი, შეინახა „ფეისბუქ მესენჯერში“ და შემდეგ გაავრცელა. ამოღებულია მისი ტელეფონი და დაინიშნება ექსპერტიზა. არსებობს მტკიცებულებები, სხვა პირები აცხადებენ, რომ ჩანაწერი ლატარიასგან მიიღეს“, – განაცხადა პროკურორმა.

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 18 პირია დაკავებული.