მონტენეგროს საპრეზიდენტო არჩევნებში პრო-ევროპელმა კანდიდატმა, მილო ჯუკანოვიჩმა გაიმარჯვა
მონტენეგროს საპრეზიდენტო არჩევნებში პრო-ევროპელმა კანდიდატმა, მილო ჯუკანოვიჩმა გაიმარჯვა

მონტენეგროს საპრეზიდენტო არჩევნებში პრო-ევროპელმა კანდიდატმა, მილო ჯუკანოვიჩმა გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, ჯუკანოვიჩს საარჩევნო უბნებზე მისული მოსახლეობის 53.9%-მა მისცა ხმა.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნების დახურვამდე, ნახევარი საათით ადრე ამომრჩეველთა აქტივობა 61.6% იყო.

მმართველი „სოციალისტების დემოკრატიული პარტიის” კანდიდატმა, მილო ჯუკანოვიჩმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგი მონტენეგროს ევროპული არჩევანის კიდევ ერთი გამარჯვებაა.

ვეტერანი პოლიტიკოსი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯუკანოვიჩი 1991-2016 წლებში ქვეყნის ადგილობრივი პოლიტიკის მთავარი მოთამაშე იყო. პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ მან გასულ თვეში განაცხადა და გადაწყვეტილება მონტენეგროს მომავლის მიმართ პასუხისმგებლობით ახსნა.

მომავალი პრეზიდენტი სავარაუდოდ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესს დაასრულებს.

არჩევნებში მეორე ადგილზე, მლადენ ბოიანიჩი გავიდა, რომელსაც რუსეთთან კავშირებში სდებენ ბრალს. ოპოზიციის კანდიდატები ჯუკანოვიჩს ქრონიზმში, ნეპოტიზმში, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში ადანაშაულებენ.

გასულ წელს, ნატოში გაწევრიანების შემდეგ, ეს მონტენეგროში ჩატარებული პირველი არჩევნებია.