მომეტებული საფრთხის შემცველ საწარმოებს დღეიდან გაუფრთხილებლად შეამოწმებენ
მომეტებული საფრთხის შემცველ საწარმოებს დღეიდან გაუფრთხილებლად შეამოწმებენ

მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოების არანებაყოფლობითი ინსპექტირება დღეიდან იწყება.

ამ საკითხზე დღეს გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გახსნის. შეხვედრას ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოების არანებაყოფლობით ინსპექტირებას შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის 7 მარტს მიიღო.

მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოების ნუსხაში დაახლოებით 40 საწარმოა, თუმცა მათი დასახელებები კონფიდენციალურია.

აღნიშნულ საწარმოებში შესვლა შრომის ინსპექტორებს დღეიდან წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუძლიათ. მანამდე ეს უფლება მათ მხოლოდ კომპანიის ნებართვით ჰქონდათ.

შრომის ინსპექტორებს საწარმოების დაჯარიმების უფლებაც აქვთ. ჯარიმების მოცულობა 100-დან 50 ათას ლარამდეა.

ძველი კანონით, შრომის ინსპექციას, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, საწარმოსთვის მხოლოდ რეკომენდაციების მიცემის უფლება ჰქონდა.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ასევე დღეიდან ამოქმედდება, ის არის, რომ კანონის მიხედვით, იქმნება ახალი თანამდებობა – შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია საწარმოში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. ის პასუხისმგებელი იქნება, თუკი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, საწარმოში რაიმე ინციდენტი ან უბედური შემთხვევა მოხდება.

კანონის მიხედვით, აუცილებელია, უსაფრთხოების სპეციალისტს ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება და გააჩნდეს აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოწმობა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე, უკვე გადამზადებულია 40 ინსპექტორი, რომლებიც საწარმოების შემოწმებას ხვალიდან დაიწყებენ. მათი რაოდენობა ეტაპობრივად მოიმატებს.