ინსპექტირების შედეგად, 24 სამშენებლო ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
ინსპექტირების შედეგად, 24 სამშენებლო ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სამშენებლო ობიექტებზე ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგად, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 24 სამშენებლო ობიექტზე არსებითი-კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა.

შემოწმების შედეგად, ძირითადად სისტემური ხასიათის დარღვევები გამოვინდა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ობიექტებზე არ არის შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის გამართული სისტემა, რისკების შეუფასებლობა, სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა, დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა), არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები, ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები,​ ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა, აღჭურვილობის გაუმართაობა, შრომის უსაფრთოების სპეციალისტის არ ყოლა, მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა, ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ ყველა ობიექტზე გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ 7-დან 10 დღემდე ვადა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ 11-ს შეუჩერდა სამუშაო პროცესი და ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ამწე მოწყობილობების ინსპექტირების სერტიფიკატის უქონლობის გამო დაჯარიმდა სამი ობიექტი 500 ლარის ოდენობით.

ერთობლივი ინსპექტირებები 2019 წლის 23 ივლისს დაიწყო.