ბექა ფერაძე - 2020 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, რეგულაციების დარღვევის გამო, 6 212 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა
ბექა ფერაძე - 2020 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, რეგულაციების დარღვევის გამო, 6 212 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, 58 215 ობიექტის ინსპექტირება განხორციელდა, მათგან 6 212-ს საქმიანობა შეუჩერდა.

ამის შესახებ ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„2021 წლის 26-29 მარტის მონაცემებით, ბოლო სამ დღეში შრომის ინსპექციის მიერ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის აქტიური ჩართულობით, განხორციელდა 382 ობიექტის ინსპექტირება, მათ შორის 316 ობიექტზე პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, გაიცა გაფრთხილება და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელდა სხვადასხვა ტიპის აქტივობა. ასევე, შრომის ინსპექცია ჩართული იყო 28 მარტს საფეხბურთო მატჩზე ნაკადების მართვაში, რაც საკმაოდ წარმატებით განხორციელდა, მიუხედავად მისი მასშტაბისა. 10 ობიექტზე განხორციელდა შემოწმება უშუალოდ კითხვარის საშუალებით და 50 ობიექტი გადამოწმდა 21:00 საათის შემდეგ, რამდენად ასრულებდნენ ისინი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და დადგინდა, რომ პროტოკოლით განსაზღვრული მოთხოვნები იყო სრულად დაცული.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის შაბათ-კვირას, 27-28 მარტს ჩვენ განვახორციელეთ მონიტორინგი 21:00 საათის შემდგომ და სამწუხაროდ, მოგვიწია ექვსი ფიზიკური პირის დაჯარიმება სოციალური ღონისძიების, ღამის კლუბის ორგანიზებისა და მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი განმეორებითი დარღვევისთვის. უკვე ოფიციალურად მივმართეთ კრიმინალურ პოლიციას შემდგომი რეაგირებისთვის. იცით, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებითი დარღვევა უკვე იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, 2020 წლის 28 ნოემბრიდან ჩვენ ჯამში განვახორციელეთ 58 215 ობიექტის ინსპექტირება და ამ პროცესში ჩართულია ყველა ის საზედამხედველო უწყება, რომელიც ამ შემთხვევაში მონაწილეობს დადგენილების მიხედვით. ეს არის მუნიციპალიტეტის შესაბამისი საზედამხედველო სამსახურები, სურსათის ეროვნული სააგენტო, ფინანსური პოლიცია და ა.შ. ამ შემთხვევაში, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, 58 000-ზე მეტი ინსპექტირება განხორციელდა, საქმიანობა შეუჩერდა 6 212 ობიექტს. რეკომენდაციის აღსრულებაზე კითხვარის მეშვეობით განხორციელდა 1 000-მდე ობიექტის შემოწმება. განმეორებით ინსპექტირება განხორციელდა უკვე 16 917 ობიექტზე და დადგინდა, რომ განმეორებითმა ინსპექტირებამ გამოიღო შედეგი.

ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ეპიდსიტუაციის მცირედი გაუარესება, მონიტორინგის ჯგუფები აქტიურად განაგრძობენ მუშაობას და მომავალში იქნება გაცილებით მკაცრი ზედამხედველობა. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო და ვთხოვო თითოეულ ბიზნესსუბიექტს, თავი შეიკავონ მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისგან და დაიცვან პროტოკოლი“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.