მომავალში შუქნიშნებს შეიძლება მეოთხე ფერიც დაემატოს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მომავალში შუქნიშნებს შეიძლება მეოთხე ფერიც დაემატოს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ჰიპოთეტურ მომავალში, როდესაც თვითმართვადი მანქანები ჩვენს გზებზე უხვად გამოჩნდებიან, შუქნიშნებზე შეიძლება მეოთხე ფერიც გამოჩნდეს, რომელიც სწორედ მათთვის იქნება განკუთვნილი.

ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები გამოდიან შუქნიშანზე თეთრი ფერის დამატების ინიციატივით, რაც თვითმართვადი (ავტონომიური) მანქანების მძღოლებს გზაჯვარედინების გონივრულად გადაკვეთის საშუალებას მისცემს. მიზანი ის არის, რომ ამით უნდა შემცირდეს როგორც გზის დატვირთულობის დონე, ისე საწვავის მოხმარება.

თვითმავალ მანქანებსა და სატვირთოებს შუქნიშნის თეთრ სინათლეზე ყურება არ დასჭირდებათ, რადგან მასთან უსადენო კავშირს დაამყარებენ. თუმცა, ნიშანი იქნება ადამიანი მძღოლებისა ქვეითებისთვის, რომ მიჰყვნენ გზაჯვარედინზე მოძრავ თვითმართვად მანქანებს.

„წითელი შუქი მაინც გაჩერების ნიშანი იქნება, მწვანე კვლავ დაძვრის. თეთრი სინათლე კი ადამიან მძღოლებს ეტყვის, რომ უბრალოდ მიჰყვნენ მათ წინ არსებულ მანქანებს. ამ კონცეპტს ვთავაზობთ გაჯვარედინებისთვის, რომელსაც „თეთრ ფაზას“ ვუწოდებთ და ერთიანდება თვითმავალი ავტომობილის კომპიუტერთან“, — ამბობს სამოქალაქო ინჟინერი ალი ჰაჯბაბაიე.

ის შემდეგნაირად იმუშავებს: გარკვეულ დიაპაზონში, თვითმართვადი მანქანები ერთმანეთთან და გზაჯვარედინების შუქნიშნების სინათლესთან კომუნიკაციაში იქნებიან. ეს მათ მანქანების ნაკადთან უფრო ჭკვიანურად და გონივრულად კოორდინირების საშუალებას მისცემს — მაგალითად, პრიორიტეტს მიანიჭებს გზაჯვარედინებზე უფრო მეტი მანქანის გავლას და შეურჩევს ოპტიმალურ სიჩქარეებსაც.

თეთრი სინათლით ნაკადში მყოფ ნებისმიერ ადამიან მძღოლს ეცნობება, რომ მიჰყვეს მის წინ არსებულ მანქანას: გაჩერდეს, როცა ის გაჩერდება და დაიძრას, როცა ის დაიძვრება. მას შემდეგ, რაც გზაჯვარედინზე თვითმავალ ავტომობილთა რაოდენობა გარკვეულ ზღვარს ქვემოთ ჩამოვა, შუქნიშანზე კვლავ ჩვეულებრივი ფერები დაბრუნდება, წითელი, ყვითელი და მწვანე.

სიმულირებულ მოდელებში გამოჩნდა, რომ გაუმჯობესდა ნაკადში თვითმავალი მანქანების სვლა და კიდევ უფრო მეტად, როდესაც შეიტანეს თეთრი ფაზა — რასაც შემდეგ დადებითი ეფექტები ჰქონდა საწვავის მოხმარებაზე. რაც უფრო მაღალი იყო გზაჯვარედინებზე თვითმავალი მანქანების რაოდენობა, მით უფრო სწრაფად მოძრაობდა ნაკადი. გაუმჯობესება ჯამში 40 – 99 პროცენტი იყო შესაძლო დაყოვნების შემცირების თვალსაზრისით.

„თვითმავალი მანქანებისთვის სატრანსპორტო ნაკადის გარკვეული კონტროლის მინიჭება შედარებით ახალი იდეაა, რომელსაც მობილური კონტროლის პარადიგმას უწოდებენ. მისი გამოყენება შესაძლებელია ნაკადის იმ ნებისმიერი სცენარის კოორდინირებისთვის, რომელშიც თვითმავალი მანქანები არიან ჩართული“, — ამბობს ჰაჯბაბაიე.

მისივე განცხადებით, მიაჩნიათ, რომ გზაჯვარედინების შუქნიშნებში თეთრი ფერის კონცეპტის გამოყენება მნიშვნელოვანია, რადგან ადამიან მძღოლებს ეტყვის, თუ რა ხდება. შესაბამისად, ეცოდინებათ, თუ რა გააკეთონ გზაჯვარედინთან მიახლოებისას.

როგორც მკვლევრები შენიშნავენ, მას შემდეგ, რაც გზაჯვარედინზე თვითმართვად ავტომობილთა რაოდენობა 30 პროცენტს გადასცდება, გაუმჯობესება უფრო მნიშვნელოვანი გახდება. თუ სატრანსპორტო ნაკადის 70 პროცენტი თვითმართვადი მანქანები იქნებიან, გზაჯვარედინმა შეიძლება სრულად ავტომატურ თეთრი ფაზის რეჟიმშიც იმუშაოს.

მსგავსი რამის განსახორციელებლად ტექნოლოგიები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ გაუმჯობესებები ამ მიმართულებით სულ ხდებოდა. ეს კვლევა ეფუძნება ამავე ჯგუფის 2020 წლის კვლევას, რომელშიც სატრანსპორტო ნაკადს გზაჯვარედინთან დაკავშირებული ცენტრალური კომპიუტერი აკონტროლებდა. ახალ კვლევაში, კომპიუტერულ საჭიროებებს თავად თვითმავალი ავტომობილები მართავენ.

ყოველი გზაჯვარედინის განახლება, რა თქმა უნდა, დროს და ფულს წაიღებს, მაგრამ მკვლევრები ფიქრობენ, რომ თეთრი ფაზის იდეის გარკვეული ასპექტების განხორციელება შედარებით ადვილი უნდა იყოს. შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს ტესტები კონკრეტულ ადგილებში.

კვლევა IEEE Transactions on Intelligent Transportation Systems-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.ncsu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.