ელექტრომობილების მფლობელებს შეეძლებათ, ვებგვერდის საშუალებით საცხოვრებელ სახლთან ელექტროდამტენების დამონტაჟება მოითხოვონ
ელექტრომობილების მფლობელებს შეეძლებათ, ვებგვერდის საშუალებით საცხოვრებელ სახლთან ელექტროდამტენების დამონტაჟება მოითხოვონ

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ელექტროდამტენები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დამონტაჟდება.

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ეს საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა და მასშტაბური მიდგომა სჭირდება. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულების მოწესრიგებით, ამ პრობლემის მოგვარებას ვერ მოვახერხებთ, ამიტომ ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთ-ერთი მიმართულება ისაა, რომ ხელს ვუწყობთ ქალაქში ელექტრომობილების შემოყვანას. როგორც იცით, მათი განბაჟება უფასოა. გარდა ამისა, ელექტრომობილების პარკირება უფასო იქნება.

ამასთან, გვაქვს კიდევ ერთი სიახლე: შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge რომელიც 11 თებერვლიდან ამოქმედდება. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ელექტრომობილი ჰყავს, შეუძლია აღნიშნულ ვებგვერდზე დარეგისტრირდეს, მოგვაწოდოს ინფორმაცია თავისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ და ჩვენ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, მზად ვართ, ელექტროდამტენები სახლთან დავუმონტაჟოთ. ეს ელექტრომობილების შემოყვანას წაახალისებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესთან და არის კომპანია, რომელსაც სურს ელექტრომობილების შემოყვანა საქართველოში. საუბარია ელექტრომობილების „გაზიარებაზე“, ანუ ეს ავტომობილები განთავსებული იქნება ქალაქის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა ქუჩაზე და აპლიკაციის საშუალებით მოქალაქე ისარგებლებს ამ ავტომობილით. გვქონდა კომუნიკაცია ბიზნესთან და ელექტროდამტენების უფასოდ დამონტაჟება, რომელზეც ვსაუბრობთ, განხორციელდება ბიზნესთან ერთად, ანუ მუნიციპალიტეტი არაფერს დახარჯავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ელექტრომობილების მფლობელ მოქალაქეებს 11 თებერვლიდან აქტიურობისა და ვებგვერდზე დარეგისტრირებისკენ მოუწოდა.