მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები იმართება
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები იმართება

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მასშტაბით სულ 2018 საარჩევნო უბანია გახსნილი. მოლდოველები ახალ პარლამენტს ე.წ. შერეული სისტემით აირჩევენ – 50 დეპუტატს პარტიული სიით, ხოლო 51 ერთმანდატიანი ოლქების მიხედვით.

არჩევნებში 15 პოლიტიკური გაერთიანება და 321 მაჟორიტარი კანდიდატი მონაწილეობს. წინასწარი გამოკითხვებით, პარლამენტში სამი პარტია მოხვდება. ესენია: სოციალისტები, მმართველი დემოკრატიული პარტია და ოპოზიციური ბლოკი, რომელიც ორ პარტიას „ქმედებას და სოლიდარობას“ და „ღირსებას და სიმართლეს“ აერთიანებს.

საპარალამენტო არჩევნებთან ერთად მოლდოვაში საკონსულტაციო რეფერენდუმის იმართება, რომელზეც მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობის 61-მდე შემცირება.

არჩევნებზე წესრიგის დასაცავად მობილიზებულია ოთხი ათასი პოლიციელი. კენჭისყრას 3000 დამკვირვებელი უწევს მონიტორინგს.

არჩევნების პირველი წინასწარი შედეგები დღეს ღამით გახდება ცნობილი. პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა 6%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.