აშშ-ი მოლდოვაში პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდებს
აშშ-ი მოლდოვაში პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები მოლდოვაში პარტიებს დიალოგისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 24 თებერვალს ჩატარებულ არჩევნებზე მოლდოველი ხალხის
მიერ გამოხატული ნება უნდა იქნას პატივცემული ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

„ამერიკის შეერთებული შტატები ყველა მოლდოვურ პარტიას მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და შეთანხმდნენ დიალოგის გზით წინსვლაზე. 24 თებერვალს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები. მოლდოველი ხალხის ნება, რომელიც მათ ამ არჩევნებზე გამოხატეს, უნდა იქნას პატივცემული ჩარევის გარეშე. მოლდოვისა და მისი მოქალაქეებისთვის კეთილდღეობისა და დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფა არის საერთო
მიზანი, რომლის მხარდაჭერასაც აშშ გააგრძელებს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

9 ივნისს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულმა პაველ ფილიპმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტ იგორ დოდონისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მოლდოვის პარლამენტი არ ეთანხმება. პარლამენტის წევრებმა მიიღეს განცხადება, რომელშიც კონსტიტუციური სასამართლო და „დემოკრატიული პარტია“ ხელისუფლების უზურპაციაში დაადანაშაულეს.