ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დედა ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის განცხადებებს შეურაცხმყოფელს უწოდებს
ჩემს 16 წლის შვილს მეტი ღირსება ჰქონდა, ვიდრე აქ მასზე უფროსებს, ეს სადისტური მკვლელობა სხვას როგორ დავაბრალო?,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედამ განაცხადა.
ნათია საყვარელიძის თქმით, შეურაცხმყოფელია ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის სასამართლოს წინაშე გაკეთებული განცხადებები, საქმეში მაკრატლის არსებობის შესახებ.
ლევან დადუნაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეში ერთი დანა ფიგურირებს.
„როგორ შეიძლება მაკრატელი ყოფილიყო ნახმარი. პროფესიონალი ამას არ იტყვის. ლაპარაკია ორი 16 წლის ბიჭის სიცოცხლეზე. რაღაც პასუხისმგებლობა უნდა გეკისრებოდეს, ქალია და დედაა. ჩემს შვილთან ფიგურირებს ერთი დანა.
ჩემ შვილს არ გაეკაროს არავინ. მაქვს ვერსია რა მოხდა, როგორ მოხდა. თქვენ ფიქრობთ, მე არ მაქვს პროკურატურასთან კითხვები? პირველ რიგში, შვილის ღირსებას ვცემ პატივს. ჩემს 16 წლის შვილს მეტი ღირსება ჰქონდა ვიდრე აქ მასზე უფროსებს.
არ დავინახო ვინმემ თქვას, რომ ლევანის წინაშე ორი მკვლელი იყო. ნიკოლეიშვილმა რაც ილაპარაკა, იყო შეურაცხმყოფელი. ეს სადისტური მკვლელობა სხვას როგორ დავაბრალო?“,- განაცხადა მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის დედამ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზა განიხილეს. დაიკითხა ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. ექსპერტი საქმეში ახალ საგანზე, მაკრატელზე საუბრობს.
ამასთან, საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან მაკრატელი ამოღებულია, თუმცა დადასტურებულია, რომ ეს არის სამედიცინო პერსონალის მაკრატელი.
რაც შეეხება მეორე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამის პოზიციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ზაზა სარალიძის თქმით, ექსპერტები ადასტურებენ, რომ მისი შვილის მკვლელობისას საქმეში არსებული ორი დანის გარდა, სხვა ნივთებით იყო გამოყენებული. ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სამართლიან გამოძიებას ითხოვს.