ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ მცველ რევაზ ძოძუაშვილს 77 წელი შეუსრულდა. იგი 1972 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი და 72-ე ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია. იგი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კარიერის მქონე სპორტსმენი და მწვრთნელია. ჯორჯ ბესტი რომ ჩაკეტა, ცნობილი ამბავია. ძოძუაშვილი მსოფლიო ფეხბურთში იშვიათია ჯერ იმით, რომ იყო არა მხოლოდ ფეხბურთელი და მწვრთნელი, არამედ, მსაჯიც და საკმაოდ წარმატებულიც.
ქუთაისის „ტორპედოს“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილი 1963 წელს „დინამოში“ მიიწვიეს, მაგრამ თავიდან ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ქუთაისის „ტორპედოში” დაბრუნდა, საიდანაც 1965 წელს სცადა გადასვლა ოდესის „ჩერნომორეცში“. ოდესურ კლუბსაც ვერ მოერგო და ძოძუაშვილმა კარიერა სოხუმის „დინამოს“ შემადგენლობაში განაგრძო. მალე „ტორპედოს“ სათავეში ჩაუდგა ვსევოლოდ ბლინკოვი, რომელმაც ახალი გუნდის მშენებლობა დაიწყო და ძოძუაშვილიც დაიმატა.
1968 წელს კვლავ მიიწვიეს თბილისში, ვიაჩესლავ სოლოვიოვის ხელმძღვანელობით და ამჯერად „დინამოშიც“ დამკვიდრდა და საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც აიყვანეს – ძოძუაშვილმა მოიპოვა სახელი, როგორც მცველმა, რომელიც ნებისმიერ თავდამსხმელს ანეიტრალებდა. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 301 მატჩი და გაიტანა 5 გოლი. 1973 წელს „დინამოს“ შემადგენლობაში „კარაველას თასის“ (ტროფეო კოლომბინოს) გამარჯვებული გახდა, სადაც ფინალში თბილისელებმა ლისაბონის „ბენფიკა“ 3:1 დაამარცხეს.
1969–1974 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაში 49 შეხვედრა ჩაატარა. 1972 წელს გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი. შეიყვანეს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. კარიერა 1976 წელს დაასრულა, რადგან ჩათვალა, რომ მაღალ დონეზე თამაშს ვერ გააგრძელებდა.
რევაზ ძოძუაშვილმა, ჩრდილოირლანდიელ ჯორჯ ბესტთან დაკავშირებული ამბები საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გაიხსენა:
„სსრ კავშირის ნაკრებში რომ გამომიძახეს, გუნდის თითქმის 80 პროცენტი, ვეტერანები იყვნენ. ისინი გვერდზე გაწიეს და ახალ თაობაზე გააკეთეს აქცენტი. პირველ შეკრებაზე დაგვსვეს და ვიდეო ჩაგვირთეს, სადაც ჩრდილოეთ ირლანდია ინგლისს ეთამაშებოდა. გვითხრეს, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებში არის ერთი ფეხბურთელი, ჯორჯ ბესტი – თუ მას გაანეიტრალებთ, მსოფლიო პირველობაზე წავალთო. ბესტის თამაში არ გამიკვირდა, რადგან მიშა მესხი, სლავა მეტრეველი და ვოვა გუცაევი მყავდა „დინამოში“, რომლებსაც ინდივიდუალური ტექნიკა, სისწრაფე, სტარტი და ყველაფერი ჰქონდათ, რაც კარგ თავდამსხმელს სჭირდება. ამხანაგური თამაში იყო თუ ვარჯიში, მათთან მიწევდა ორთაბრძოლები. ბესტს მიშა მესხზე უკეთესი ფინტები არ ჰქონდა, სლავა მეტრეველზე კარგი სტარტი არ გააჩნდა, აქედან გამომდინარე ვიფიქრე, რომ არ უნდა გამჭირვებოდა მასთან თამაში. ბესტი დაახლოებით ნეიმარის ვარიანტი იყო. ყველგან ეგ იყო, მარცხნივ, მარჯვნივ, ცენტრში გადადიოდა და საგოლე მომენტებს ქმნიდა“.
სსრ კავშირმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:0 ითამაშა. ბესტმა ქართველი მცველის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.
1976 წელს სამწვრთნელო კარიერა თბილისის სკა-ში დაიწყო და არის ერთადერთი ქართველი მწვრთნელი, რომელსაც 8 ქვეყანაში უმუშავია. მის სამწვრთნელო კარიერაში იყო კლუბები საქართველოში, უკრაინაში, ლატვიაში, საუდის არაბეთში, რუსეთში, ლიეტუვაში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში.
1994/95 წლების სეზონის მიწურულს ის წვრთნიდა უკრაინის შეპეტოვკას „ტემპს“, სადაც პრეზიდენტი ქართველი ჯუმბერ ნიშნანიძე იყო. მასთან ერთად გუნდში 8 ფეხბურთელი წაიყვანა, თუმცა გუნდის დაქვეითებისგან გადარჩენა ვერ მოხერხდა. 1997 წელს მიიწვიეს რიგის „სკონტოს“ კონსულტანტად, პარალელურად, ლატვიის ნაკრებში მწვრთნელ-სელექციონერის მოვალეობას ასრულებდა.
მის კარიერაში იყო ეგზოტიკური დანიშვნებიც: 1999 წლის აგვისტოში საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადი“ ჩაიბარა, მაგრამ 4 თვეში გუნდი დატოვა, რადგან ქვეყანაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. 2002 წლის ზაფხულში გახდა ყალმუხეთის პრეზიდენტის მრჩეველი სპორტის საკითხებში, ხოლო 26 აგვისტოდან იყო ელისტის „ურალანის“ მთავარი მწვრთნელი, გუნდს ლიგაში დარჩენაში დაეხმარა, მაგრამ თავად წამოვიდა.
2004 წლის მარტში რევაზ ძოძუაშვილი გახდა ლიეტუვის „კაუნასის“ პრეზიდენტის, ვლადიმერ რომანოვის მრჩეველი, ხოლო 2004 წლის აგვისტოდან მახაჩყალოს „დინამოს“ ხელმძღვანელის, ლეონიდ ნაზარენკოს თანაშემწე სელექციის საკითხებში. 2005 წლის აპრილიდან ისევ ლატვიაში გადავიდა და „სკონტოს“ ვიცე-პრეზიდენტის, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გუნტის ინდრიქსონის მრჩეველად დაინიშნა.
ავარჯიშებდა ორ ნაკრებს – 1997 წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე – საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი გახდა, ხოლო 1997 წლის ოქტომბერში ხელი მოაწერა კონტრაქტს ლატვიის ფეხბურთის ფედერაციასთან 2+2 პრინციპით და გახდა ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 1999 წლის დეკემბერში დავით ყიფიანთან ერთად დაინიშნა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად.
რევაზ ძოძუაშვილი
დაიბადა: 1945 წლის 15 აპრილს (76 წლის ასაკში) ქუთაისში
სიმაღლე: 175 სმ
პოზიცია: მცველი
საკლუბო კარიერა
1965 სოხუმის დინამო
1966-1967 ქუთაისის ტორპედო 67 (1)
1968-1976 თბილისის დინამო 215 (4)
ნაკრები
1969-1974 სსრკ 49 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1976 თბილისის სკა
1977 სამტრედიას ლოკომოტივი
1978 ქუთაისის ტორპედო
1979 ფოთის კოლხეთი
1987-1989 ქუთაისის ტორპედო
1990-1992 თბილისის დინამო
1993-1995 მეტალურგი (რუსთავი)
1995 ტემპი (შეპეტოვკა)
1995-1996 მეტალურგი (რუსთავი)
1997 სკონტოს (რიგა)
1997 საქართველოს ნაკრები (მწვრთნელის ასისტენტი)
1997-1999 ლატვიის ნაკრები (მწვრთნელის ასისტენტი)
1999 ალ-იტიჰადი (საუდის არაბეთი)
1999-2001 საქართველოს ნაკრები (მწვრთნელის ასისტენტი)
2000 ლოკომოტივი (თბილისი)
2001 ტორპედო (ქუთაისი)
2002 ურალანი (რუსეთი)
2003 სპარტაკ-ალანია (რუსეთი)
2004 კაუნასი (ლიეტუვა)
2004 დინამო (რუსეთი, მახაჩკალა)
2006 ტორპედო (ქუთაისი)
2007 ოლიმპი (რუსთავი)
2007-2008 შახტიორი (ყაზახეთი, ყარაგანდა)
2010-2011 თურანი (აზერბაიჯანი)
2014 ტორპედო (ქუთაისი)
2017 სოხუმის დინამო
2017 ტყიბულის მეშახტე
საერთაშორისო მედლები
ოლიმპიური თამაშები – ბრინჯაო 1972
ევროპის ჩემპიონატი – ვერცხლი 1972