მოჰამედ ჯავად ზარიფი აცხადებს, რომ ბირთვული შეთანხმება „მკვდარი არ არის“
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი აცხადებს, რომ 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმება „მკვდარი არ არის“. ამის შესახებ ზარიფმა ნიუ-დელიში ვიზიტისას განაცხადა.
„მე მჯერა, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო შეთანხმება, რომელიც უახლოეს წარსულში იყო მიღწეული, ის იყო ერთ-ერთი მრავალმხრივი დიპლომატიის მნიშვნელოვანი მიღწევების მცირე რაოდენობას შორის“, – აღნიშნა ზარიფმა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სანქციების გამო ირანს ბოლო ორი წლის განმავლობაში ასობით მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა. ზარიფმა ასევე აღნიშნა, რომ ირანი კვლავ დაინტერესებულია დიპლომატიით, თუმცა არა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებით.
ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის ბირთვული შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ხელმოწერილი დოკუმენტი საერთაშორისო სანქციების გაუქმების სანაცვლოდ ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებდა. 2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო და თეირანს სანქციები დაუწესა, მოგვიანებით ირანმა განაცხადა, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილს აღარ შეასრულებდა.