მკვლევართა ჯგუფმა მერქნის გამჭვირვალედ გადაქცევის ახალ მეთოდს მიაგნო — ხე მინაზე უფრო მტკიცე და მსუბუქი გახდა #1tvმეცნიერება
მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ხის გამჭვირვალედ გადაქცევის ახალი გზა აღმოაჩინა. ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ჯგუფი აღწერს მათ მიერ შექმნილ პროცესს და განმარტავს, რატომ არის მათ მიერ შექმნილი მეთოდი წინაზე უკეთესი.
გამჭვირვალე მერქანი არის იდეა, რომელზეც მეცნიერები დიდი ხანია მუშაობენ. მშენებლებს ის ახალ ვარიანტად ესახებათ, რადგან ხე მინაზე მტკიცეა და არ დაიმსხვრევა, თუ მაგალითად, შემთხვევით ქვა მოხვდება. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, გამჭვირვალე მერქანი ჯერ კომერციულ მოხმარებაში არ არის და ამის მიზეზი ძირითადად ის მეთოდია, რომელიც მის წარმოებისთვის არის საჭირო.
გამჭვირვალე მერქნის წარმოების ტრადიციული მეთოდი მოითხოვს ქიმიურ ნივთიერებათა გამოყენებას, რომლებიც მას ლიგნინს (პოლიმერული ნაერთი, რომელსაც შეიცავს ბოჭკოვანი მცენარეების უჯრედები) აცლის; ეს პროცესი დიდ დროს საჭიროებს, ტოვებს ბევრ ნარჩენ სითხეს და მერქანსაც ასუსტებს. ახალ კვლევაში, მეცნიერებმა მიაგნეს მერქნის გამჭვირვალედ გადაქცევის გზას, რომელიც ლიგნინის მოცილებას არ საჭიროებს.
საქმე ის არის, რომ ლიგნინის მოცილების ნაცვლად, მათ ის შეცვალეს. მკვლევრებმა მერქნიდან ამოიღეს ლიგნინის ის მოლეკულები, რომლებიც ხის ფერის წარმოქმნას განაპირობებენ. პირველ რიგში, მერქანს ზედაპირზე მათ წყალბადის ზეჟანგი წაუსვეს, შემდეგ კი ეს მერქანი ულტრაიისფერი სინათლის ქვეშ (ბუნებრივი მზის სინათლე) მოათავსეს. ამის შემდეგ, ხის ფიცრები მათ ეთანოლით გაწმინდეს. უკვე ამის შემდეგ, ხის ფორები სუფთა ეპოქსიდის წებოთი ამოავსეს, რათა მერქანი უფრო გლუვი გამხდარიყო.
მიღებული მერქანი 50-ჯერ უფრო მტკიცე აღმოჩნდა, ვიდრე ტრადიციული გზით დამზადებული გამჭვირვალე მერქანი; გარდა ამისა, მასში თავისუფლად გადიოდა სინათლის 90 პროცენტი. გარდა ამისა, ხე უფრო მტკიცე და მსუბუქი გახდა, ვიდრე მინა და უზრუნველყოფდა უკეთეს იზოლაციასაც.
მკვლევართა განცხადებით, ასეთი მერქნით თეორიულად შესაძლებელია გამჭვირვალე სახლის აშენება, რადგან ის კარგად უძლებს ტვირთის დაწოლასაც. მათივე თქმით, ამ პროცესით დამზადებული მერქანი სუფთაა და ადვილია მისი წარმოების მასშტაბის ზრდაც, მოზრდილ ნაგებობათა ასაშენებლად. ამას გარდა, იქვე მიუთითებენ, რომ ამ მერქნის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს სხვა მიზნებითაც, მაგალითად, მკაცრ გარემოში მოსახმარ სენსორულ დისპლეებად ან მანქანებში.
კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Science X Network-ის მიხედვით.