მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე - ვწუხვარ, რომ რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა შესაძლებლობა, აეხსნა საკუთარი პოზიცია ამ დარბაზში, ჩვენი კარი კვლავ ღიაა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე - ვწუხვარ, რომ რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა შესაძლებლობა, აეხსნა საკუთარი პოზიცია ამ დარბაზში, ჩვენი კარი კვლავ ღიაა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მან სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და აღნიშნა, რომ მასშტაბური ომის თავიდან ასაცილებლად უნდა იმუშაონ.

„ვფიქრობ, შესაძლოა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენცია ჩემი 14-წლიანი თავმჯდომარეობის დროს. ჩვენ ვნახეთ კრიზისები – ეკონომიკური კრიზისიდან დაწყებული, „არაბული გაზაფხულის“ უეცარი აფეთქებით დამთავრებული; ძალადობრივი კონფლიქტები სირიასა და ლიბიაში, შემდეგ ყირიმის უკანონო ანექსია, კონფლიქტი დონბასში და ასე შემდეგ. ჩვენ ვნახეთ ტურბულენტური დროები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში და ამჟამად რუსეთის დასავლეთ ნაწილში უკრაინის წინააღმდეგ საფრთხის შემცველი სამხედრო გაძლიერების მოწმე ვართ.

განსაკუთრებით თბილად მივესალმები ჩვენს უკრაინელ სტუმრებს, თავად პრეზიდენტ ზელენსკის, ისევე, როგორც ჩვენს რუს სტუმრებს. ძალიან ვწუხვარ იმის დანახვით, რომ რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა შესაძლებლობა, აეხსნა რუსეთის პოზიცია ამ დარბაზში დღეს ან ხვალ. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი კარი კვლავ ღიაა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით იმაში დარწმუნებას, რომ ყველა შესაბამისი მოსაზრებები შეიძლება და უნდა იყოს გამოხატული მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში ყოფნისას კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ ჩვენი მოვალეობაა, ვიმუშაოთ მასშტაბური ომის თავიდან ასარიდებლად. მოდით, ვიმუშაოთ ამისთვის“, – განაცხადა ვოლფგანგ იშინგერმა.

ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს.