ირაკლი ღარიბაშვილი - 2008 წელს ჩვენც გვქონდა ომი რუსეთთან, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დიდი ძალისხმევა გავწიეთ დეესკალაციის კუთხით, აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე
ირაკლი ღარიბაშვილი - 2008 წელს ჩვენც გვქონდა ომი რუსეთთან, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დიდი ძალისხმევა გავწიეთ დეესკალაციის კუთხით, აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე

ეს მართლაც ისტორიული შემთხვევაა, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ლიდერი ერთად ვართ. ეს უკვე არის წარმატება, მადლობას გიხდით ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2008 წელს საქართველოსაც ჰქონდა ომი რუსეთთან, რომელსაც საქართველოს ისტორიული ტერიტორიები ოკუპირებული აქვს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, დიდი ძალისხმევა გაწიეს დეესკალაციის კუთხით და ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

„უკრაინაში ომი არის დიდი გამოწვევა ყველა ჩვენგანისთვის. მეორე მსოფლიო ომი რაც დასრულდა, მსოფლიოს არც განუცდია მსგავსი მასშტაბის გამოწვევა. თქვენ იცით, რომ 2008 წელს ჩვენც გვქონდა ომი რუსეთთან. მას შემდეგ, რუსეთს ჩვენი ისტორიული ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული აქვს. ჩვენს ტერიტორიაზე ორი სამხედრო ბაზა გააჩინა. ჩვენ ბევრი პრობლემა გამოვიარეთ, ბევრი გამოწვევა გვქონდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ დეესკალაციის კუთხით. დეესკალაციასთან ერთად, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას. ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, უვიზო მიმოსვლა გვაქვს. გასულ წელსაც ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა საბჭომ, როდესაც ევროპული პერსპექტივა მიანიჭა საქართველოს. ომს უკრაინაში ყველაზე აქვს გავლენა. ეს არის დამანგრეველი ომი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ ომის შესაჩერებლად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.