მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე - ვევედრებით უფალს, რომ მშვიდობა დაამკვიდროს ჩვენს ქვეყანაში, უკრაინაში, მთელ მსოფლიოში
ზუგდიდში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა. სადღესასწაულო მსახურება ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ აღავლინა.
ლიტურგიისას ტაძრის ეზოში ლიტანიობა გაიმართა. სასულიერო პირებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემო მსვლელობა მოაწყვეს და აღდგომის საგალობელი იგალობეს.
სადღესასწაულო წირვის შემდეგ, მიტროპოლიტმა მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, საქართველოს გამთლიანება და უკრაინას მშვიდობა უსურვა.
„გულითა და სულით გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მკვდრეთით აღდგომილმა ქრისტემ, ჭეშმარიტმა ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო. ვევედრებით უფალს, რომ მშვიდობა დაამკვიდროს ჩვენს ქვეყანაში, უკრაინაში, მთელ მსოფლიოში. ვულოცავ ჩვენს სულიერ შვილებს აფხაზეთში. მალე გამთლიანებულიყოს საქართველო. შეგეწიოთ აღდგომის მადლი. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.