მიტროპოლიტი დანიელი - სინოდი მიესალმება საერთაშორისო დონეზე მიღებულ პოზიციას, რომ ვაქცინაცია იყოს ნებაყოფლობითი
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის განცხადებით, სინოდის სხდომაზე ვაქცინაციის საკითხი განიხილეს და აღინიშნა, რომ სინოდის წევრები მიესალმებიან ვაქცინის ნებაყოფლობით გაკეთებას.
„იყო ვაქცინაციის თემა, რომელიც საზოგადოებას ძალიან აღელვებს, სინოდი გამოხატავს, რასაკვირველია, დიდ სურვილს, რომ პრობლემა გადაიჭრას დადებითად, მოსახლეობის ჯანმრთელობა და მითუმეტეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობას გამოვთქვამთ იმისთვის, რაც უკვე გააკეთა სამედიცინო სამსახურმა. მნიშვნელოვანია სამედიცინო საშუალებები და ის ვაქცინა, რომელიც შემუშავებული უნდა იყოს, თუმცა ეკლესია განაცხადებს, რომ მას არ გააჩნია ასეთი კომპეტენცია, შეაფასოს ვაქცინის ხარისხი და დღეს, ვინაიდან არის ძალიან სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა, ამიტომ რასაკვირველია, ეკლესიის დიდი სურვილია, რომ ეს საკითხები იყოს განმარტებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი. რაც მთავარია, მიესალმება იმ პოზიციას, რომელიც საერთაშორისო დონეზე არის ყველასთვის მიღებული და აღიარებული, რომ ეს იყოს ნებაყოფლობითი და არ იყოს დისკრიმინაცია ამ ნიადაგზე“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.
ამასთან, მიტროპოლიტის თქმით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე საუბარი შეეხო ბიბლიური თავისუფლების ორგანიზაციას.
„შემდეგი საკითხი იყო ის, რომ შეიქმნა ასეთი ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია „ქრისტიანთა გაერთიანება“, “ბიბლიური თავისუფლების ორგანიზაცია“, რომელიც თავის რიგებში აწევრიანებს განურჩევლად სქესისა ადამიანებს და მათ სასულიერო პირის ხარისხს ანიჭებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრისთვის ამაში მონაწილეობა ნიშნავს მისი მრწამსის უარყოფას და ეკლესია აფრთხილებს ყველას, რომ ვინც ასეთ ორგანიზაციაში გაწევრიანდება, მას აღარ ექნება უფლება, მიიღოს მონაწილეობა საეკლესიო მსახურებაში, როგორიც არის ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება, ზიარება და სხვა. ასევე, საკითხებს შეეხო სხვადასხვა გადაცდომებს და ამაზე იყო მსჯელობა, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს შესწავლა ამ საკითხების და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, ვისაც ჰქონდა რაღაც ასე თუ ისე დარღვევები“, – განაცხადა მიტროპოლიტმადაინელმა.