გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონასა და მიმდებარე დასახლებებზე დარტყმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაჩელეტი შეშფოთებას გამოთქვამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონასა და მის მიმდებარედ დასახლებულ რაიონებზე დარტყმების გამო, რაც არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა.
გაერო-ს უმაღლესი კომისარი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის ზონაში შესაძლო სამხედრო დანაშაულებები იქნა ჩადენილი.
„სექტემბერში კონფლიქტის განახლებიდან საშინელი შედეგების გამო, რომლებსაც ახლა ვხედავთ, ჩვენ არაერთხელ გამოვედით მოწოდებით მხარეებისადმი, რომ გადადგან ყველა შესაძლო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილონ ან მინიმუმამდე დაიყვანონ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრატსრუქტურის დაზიანება, მათ შორის სკოლებისა და საავადმყოფოების, ასევე განასხვავონ მშვიდობიანი მოსახლეობა მებრძოლებისგან და სამოქალაქო ობიექტები სამხედრო ობიექტებისგან. ამის ნაცვლად, სახლები განადგურდა, ქუჩები ნანგრევებად იქცა, ადამიანები კი იძულებულები გახდნენ, გაქცეულიყვნენ ან თავშესაფარი სარდაფებში ეძებნათ“, – ნათქვამია მიშელ ბაჩელეტის განცხადებაში.
საერთაშორისო სამართალი ვერ იქნება უფრო მკაფიო. თავდასხმები, რომლებიც განხორციელდა გარჩევითობის პრინციპის ან თანაზომიერების პრინციპის დარღვევით, შესაძლოა, მიჩნეულ იქნას სამხედრო დანაშაულებად და კონფლიქტის მხარეები ვალდებული არიან, ეფექტიანად, სწრაფად, გულდასმით და მიუკერძოებლად გამოიძიონ ასეთი დანაშაულები“, – ნათქვამია გაერო-ს უმაღლესი კომისრის განცხადებაში.
მიშელ ბაჩელეტი მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს, შეწყვიტონ კასეტური იარაღის გამოყენება. ის ასევე მოუწოდებს მხარეებს, დაუშვან კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული ორგანიზაციები.