მინუს 80 გრადუსზე შესანახი ვაქცინით აცრა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის დიდ საავადმყოფოებში ჩატარდება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ ვაქცინით, რომელიც -80 გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმს საჭიროებს, ვაქცინაცია საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში განხორციელდება.
„ტექნოლოგიურად ცივი ჯაჭვი არის აბსოლუტურად კარგად გამართული იმისთვის, რომ ვაქცინაცია დაიწყოს სწრაფად და პროცესი არ შეფერხდეს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ორი ძირითადი ფაქტორი, ერთი ის, რომ -80-იან ვაქცინას სჭირდება მეტად კომპლექსური ცივი ჯაჭვი და მისი მიწოდება, მიტანა, მაგალითად, რაიონულ დონეზე, გართულდება. ამდენად, ჩვენი მიზანია, ამ ტიპის ვაქცინაცია განხორციელდეს დიდ საავადმყოფოებში, სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ჰოსპიტლები შეირჩა ამისთვის და მიმდინარეობს პერსონალის მომზადება. როდესაც უკვე გადავალთ 2-დან 8-გრადუსიან ვაქცინებზე, ეს მეტად მიუხლოვდება რუტინული იმუნიზაციის ქსელს, რაც არის აწყობილი როგორც რეგიონულ, ისე რაიონულ დონეზე“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.