მინუს 80 გრადუსზე შესანახი ვაქცინით აცრა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის დიდ საავადმყოფოებში ჩატარდება
მინუს 80 გრადუსზე შესანახი ვაქცინით აცრა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის დიდ საავადმყოფოებში ჩატარდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ ვაქცინით, რომელიც -80 გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმს საჭიროებს, ვაქცინაცია საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში განხორციელდება.

„ტექნოლოგიურად ცივი ჯაჭვი არის აბსოლუტურად კარგად გამართული იმისთვის, რომ ვაქცინაცია დაიწყოს სწრაფად და პროცესი არ შეფერხდეს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ორი ძირითადი ფაქტორი, ერთი ის, რომ -80-იან ვაქცინას სჭირდება მეტად კომპლექსური ცივი ჯაჭვი და მისი მიწოდება, მიტანა, მაგალითად, რაიონულ დონეზე, გართულდება. ამდენად, ჩვენი მიზანია, ამ ტიპის ვაქცინაცია განხორციელდეს დიდ საავადმყოფოებში, სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ჰოსპიტლები შეირჩა ამისთვის და მიმდინარეობს პერსონალის მომზადება. როდესაც უკვე გადავალთ 2-დან 8-გრადუსიან ვაქცინებზე, ეს მეტად მიუხლოვდება რუტინული იმუნიზაციის ქსელს, რაც არის აწყობილი როგორც რეგიონულ, ისე რაიონულ დონეზე“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის  ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.