მინსკის საქალაქო სასამართლომ რუსული ინტერნეტ-გამოცემების სამი თანამშრომელი ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებაში დამნაშავედ სცნო
მინსკის საქალაქო სასამართლომ რუსული ინტერნეტ-გამოცემების სამ თანამშრომელს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სასჯელის აღსრულების სამწლიანი გადავადებით.
იური პავლოვეცი, დიმიტრი ალიმკინი და სერგეი შიპტენკო რუსული საინფორმაციო რესურსებისთვის: Regnum-ისთვის, Lenta.ru-სა და EADaily-სთვის მასალებს ფსევდონიმით წერდნენ.
სასამართლომ ბრალდებულები ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებაში სცნო დამნაშავედ. მათ ხუთიდან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ.
თუმცა, სამივე გათავისუფლებულია ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე.
სასამართლო განხილვის საგანი გახდა სტატიები, რომლებშიც ავტორები ბელარუსის მოსახლეობას ნაციონალიზმსა და რუსოფობიაში ადანაშაულებდნენ, ბელარუსის ნაციონალურ ორნამენტს ნაცისტურ სიმბოლოს ადარებდნენ, ბელარუსულ ენას მკვდარს უწოდებდნენ, თავად ბელარუსს კი არშემდგარ სახელმწიფოდ მოიხსენიებდნენ.
პავლოვეცი, ალიმკინი და შიპტენკო 2016 წლის 9 დეკემბერს დააკავეს. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. სააგენტო Regnum-ის რედაქციის განცხადებით, მისი ავტორები რეპრესიის მსხვერპლი გახდნენ.
ბელარუსში რუსეთის ელჩის განცხადებით, ეჭვი ეპარება, რომ დაკავებულები ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები არიან. მის პოზიციას მხარი დაუჭირა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამაც, რის გამოც Regnum-ის რედაქციამ ის ცილისწამებაში დაადანაშაულა და სასამართლოში სარჩელის შეტანით დაემუქრა.
2017 წლის მარტში მოსკოვში ბელარუსის მოთხოვნით, Regnum-ის მთავარი რედაქტორი იური ბარანჩიკი დააკავეს, თუმცა ის ორ დღეში გაათავისუფლეს.