შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. რუსი დიპლომატის საგარეო უწყებაში დაბარების მიზეზი ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების შესახებ მისი კომენტარი გახდა.

საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება შვედეთსა და ფინეთს კანონიერ სამიზნეებად აქცევს რუსეთის საპასუხო ზომებისთვის, სამხედრო ზომების ჩათვლით.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ კომენტარს ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში ჩარევის მცდელობად აფასებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო იბარებს რუსეთის ელჩს, რათა პროტესტი გამოთქვას ჩარევის ამ აშკარა მცდელობის გამო“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა.

ამჟამად შვედეთი, ფინეთთან ერთად, ნატო-ში გაწევრიანების პროცესში იმყოფება. ალიანსში გაწევრიანებაზე შვედეთის განაცხადი რატიფიცირებული აქვს ნატო-ს წევრ ყველა ქვეყანას, თურქეთისა და უნგრეთის გარდა.