„მინისტრის საათის“ ფორმატში 19 აპრილს პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ
საქართველოს პარლამენტში პარასკევს, 19 აპრილს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ. ციხელაშვილი დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„პარასკევს სესიაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გვყავს დაბარებული“, – განაცხადა მდინარაძემ.
„მინისტრის საათს“ პარლამენტის ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს. ახალი ფორმატით, დეპუტატებმა სესიაზე უკვე მოუსმინეს ოთხ მინისტრს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას.
საკანონმდებლო ორგანო მთელი წლის განმავლობაში „მინისტრის საათის“ ფორმატში თერთმეტივე მინისტრის დაბარებას გეგმავს.