მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის პატივსაცემად ორგანიზებული ცერემონია მიმდინარეობს
ჯორჯ ფლოიდი რასიზმის და დისკრიმინაციის პანდემიამ მოკლა და არა კორონავირუსის პანდემიამ, – ამის შესახებ ჯორჯ ფლოიდის ოჯახის ადვოკატმა, ბენჯამინ კრამპმა მინეაპოლისში, ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის პატივსაცემად ორგანიზებულ ცერემონიაზე განაცხადა.
ბენჯამინ კრამპის თქმით, რასიზმის და დისკრიმინაციის პანდემია ამერიკისთვის კარგად არის ცნობილი.
„ჩვენ არ გვინდა მართლმსაჯულების ორი სისტემა ამერიკაში. ერთი შავისთვის და ერთი თეთრისთვის“,-თქვა კრამპმა.
სამოქალაქო პანაშვიდზე სიტყვით გამოვიდა ჯორჯ ფლოიდის ძმა, ფილონაიზ ფლოიდი, რომელმაც თქვა, რომ ჯორჯ ფლოიდთან ურთიერთობის დროს, უსახლკარო ადამიანებიც კი თავს პრეზიდენტად გრძნობდნენ, რადგან გენერალივით იყო და ყველას მასთან ყოფნა სურდა.
„ის ძლიერი ადამიანი იყო. ყველას გვსურს სამართლიანობა. ჩვენ ჯორჯისთვის სამართლიანობა გვსურს და ის ამას მიიღებს“, – თქვა ჯორჯ ფლოიდის ძმამ.
ხსოვნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ჯორჯ ფლოიდის კიდევ ერთი ძმა, როდნი ფლოიდი, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ძმა ნებისმიერ ადგილას წინ აღუდგებოდა ნებისმიერ უსამართლობას.
„ვამაყობ პროტესტებით, მაგრამ მე არ ვამაყობ განადგურებით“, – განაცხადა ჯორჯ ფლოიდის კიდევ ერთმა ძმამ, ტერენს ფლოიდმა.