მიხეილ სარჯველაძე - პრაქტიკულად, პრეზიდენტმა ღიად თქვა, იმის გამო, რომ უკეთესმა კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა სათანადო ხმები ვერ მოიპოვა, მასთან შედარებით უარესი კანდიდატები შემოგვთავაზა
მიხეილ სარჯველაძე - პრაქტიკულად, პრეზიდენტმა ღიად თქვა, იმის გამო, რომ უკეთესმა კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა სათანადო ხმები ვერ მოიპოვა, მასთან შედარებით უარესი კანდიდატები შემოგვთავაზა

პრაქტიკულად, პრეზიდენტმა ღიად თქვა, იმის გამო, რომ უკეთესმა კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა სათანადო ხმები ვერ მოიპოვა, მასთან შედარებით უარესი კანდიდატები შემოგვთავაზა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის მიერ პარლამენტისადმი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებთან, ასევე ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით.

„ქვეყნის ინტერესებისთვის უკეთესია უარესის არჩევა თუ უკეთესის? სხვათა შორის, ეს რიტორიკული კითხვა წარმოაჩენს ოპოზიციის დესტრუქციული ხედვებისა და დამოკიდებულებების პრობლემურობას. როგორც ჩანს, პრეზიდენტის გადაწყვეტილება იმავე მცდარ ხაზს მიჰყვება. პარლამენტში გადმოგზავნილ მასალებს ჩახედეთ, ცესკო-ს კანდიდატების დოკუმენტები ნახეთ. ორი კანდიდატიდან ერთ-ერთს საკონკურსო კომისიაში ცხრიდან ცხრავე მოწინააღმდეგე ჰყავდა, მეორეს შემთხვევაში რვა მოწინააღმდეგე და ერთი მომხრე იყო. თურმე ვისაც უმრავლესობა მხარს უჭერს, ის კანდიდატი არ უნდა ავირჩიოთ. თურმე ქვეყნის ინტერესი იმაში ყოფილა, რომ უარესი კანდიდატი ავირჩიოთ, რომელსაც კომისიის ცხრა წევრი ეწინააღმდეგება. არასწორია, როცა ასეთი კანდიდატის წარდგენა ხდება. თავად კომისიისა და პრეზიდენტის შეფასებით, ეს კანდიდატი ჩამოუვარდება იმას, ვინც სხვა კანდიდატია და მაშინ რა ფასი აქვს კონკურსის ჩატარებას? რისთვის გვინდა კონკურსი და მაღალი კვორუმი, შესაძლებლობას უნდა ქმნიდეს, რომ საუკეთესო კანდიდატი შეირჩეს. როცა ამ ფონზე გადაწყვეტილებას იღებ, როცა ყველა თანხმდება, რომ ეს არის არა საუკეთესო არჩევანი, არამედ თამასა დაწეულია და უარესის შერჩევა ხდება, ეს არის პარადოქსი. ალბათ თავად პრეზიდენტმა უნდა ახსნას ეს ყველაფერი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარედგინა, ხოლო ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე – რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურები.