მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანების მცდელობები განპირობებულია უფრო მეტად იმ შიშით, რომელიც ამ პარტიას აქვს, რათა არ დაკარგოს დომინანტური როლი ოპოზიციის რიგებში
მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანების მცდელობები განპირობებულია უფრო მეტად იმ შიშით, რომელიც ამ პარტიას აქვს, რათა არ დაკარგოს დომინანტური როლი ოპოზიციის რიგებში

„ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანების მცდელობები, მგონია, უფრო მეტად განპირობებულია იმ შიშით, რომელიც ამ პოლიტიკურ პარტიას აქვს, რათა არ დაკარგოს დომინანტური როლი ოპოზიციის რიგებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, რეალურად, ისინი კვლავ ცდილობენ, ოპოზიციის მხრიდან რაღაც პოლიტიკური ცენტრი მათ წიაღში სუფევდეს და სხვაგან არ გადაინაცვლოს.

„ამის მცდელობები, რა თქმა უნდა, ექნება „ნაციონალურ მოძრაობას“. თუნდაც ეს მანიფესტი და ყველა სხვა დოკუმენტი, რომელიც იკრიბება ამ მიმართულებით, რა ინიციატივებიც მოდის, როგორც ჩანს, ამ მოტივით უნდა იყოს განპირობებული. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი ვარაუდი მაქვს.

რაც შეეხება საკითხს, რომ IRI-ს კვლევების მიხედვით რაღაც დადასტურდა, გამიჭირდება დაყრდნობა იმ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც მოცემულია ეს მონაცემები. ერთი რამ შემიძლია, ცალსახად გამოვკვეთო, რომ ის, რასაც ოპოზიცია ეუბნებოდა საზოგადოებას, ამ კვლევის მიხედვითაც კი, რომლის სანდოობაც ხშირ შემთხვევაში გამხდარა ეჭვის მიზეზი, ოპოზიციას, რეალურად, ბევრი ტყუილი აქვს საზოგადოებისთვის ნათქვამი. ამ კვლევითაც ასე დასტურდება. პირველი – ყველაზე სანდო პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება“ კვლავ აღიარებულია. ეს მნიშვნელოვანია, ყველამ გაითვალისწინოს, და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომ რადიკალურად და თვისობრივად შორს არის დაცილებული მომდევნო, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის რეიტინგიც კი. ამ კვლევების მიხედვითაც კი ასე იკვეთება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ მაინცდამაინც სასიხარულოდ ოპოზიციას ნამდვილად არ აქვს საქმე“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კითხვაზე, გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ გაუჭირდება ამაზე საუბარი.

„იქ არის ფაქტორი, რომლის გამოც, შეიძლება, ეს რეკომენდებულად მიიჩნეოდეს, მაგრამ თვითონვე ხვდებიან, რომ წამხდარი რეპუტაცია აქვთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს. მათემატიკურად ამის დაჯამება ვერ მოხდება, რადგან ვიღაცისთვის, ვისთვისაც შეიძლება, რომელიმე ოპოზიციური პარტია მისაღები იყოს, შეიძლება, მისთვის კრიტიკულად მიუღებელი იყოს, მაგალითად, მეორე პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ამ შემთხვევაში, შეიძლება, გაერთიანებას ცდილობდეს. ეს უარყოფითი ფაქტორი და წინაღობა იქნება უარყოფითი ფაქტორის როლის მოთამაშეც და, შესაბამისად, ამას შეუძლია, რეალურად დამაზიანებელი ეფექტის შესრულებაც.

ამაზე ფიქრობენ, ამაზე წვალობენ, რადგან მთავარი პრობლემა ვერ აქვთ კარგად გასიგრძეგანებული და ეს ყველაზე მეტად ხელს უშლის სწორ გადაწყვეტილებამდე მისვლას. ის, რა დღის წესრიგსაც სთავაზობს საზოგადოებას ოპოზიცია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენთვის, აბსოლუტურად უსარგებლოა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ეს არ არის ის ინტერესის საგანი, რომელიც აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.