მიხეილ სარჯველაძე - მარტში, საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით აჟიოტაჟი იყო ხელოვნური, საზოგადოებამ სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს
მიხეილ სარჯველაძე - მარტში, საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით აჟიოტაჟი იყო ხელოვნური, საზოგადოებამ სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოების ლეგიტიმური უფლებაა, ფლობდეს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების შესაძლებლობის მქონე ორგანიზაციებიდან ვინ საიდან ფინანსდება.

სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა ევროკომისიის მიერ წარდგენილ „დემოკრატიის დაცვის პაკეტთან“ დაკავშირებით. მისი თქმით, გამოჩნდა, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით აჟიოტაჟი იყო თავიდან ბოლომდე ხელოვნურად შექმნილი.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის აქ მოულოდნელი ნამდვილად არაფერია. მარტში, როდესაც განიხილებოდა ინიცირებული კანონპროექტი, მე მაშინ ვამბობდი კიდეც, რომ, მაგალითად, ლუქსემბურგის სასამართლოს ან, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოს, რომელთაც ნამსჯელი აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მათ არაერთხელ უთქვამთ, რომ ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოება უფლებამოსილია, ფლობდეს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების შესაძლებლობის მქონე ორგანიზაციებიდან ვინ საიდან ფინანსდება და რა წარმომავლობის შეიძლება იყოს საერთოდ ის იდეა, რომლის ადვოკატირებას, შეიძლება, ცდილობდეს რომელიმე კონკრეტული ორგანიზაცია. ამიტომ, რასაკვირველია, ეს არის ლეგიტიმური უფლება და ამ ლეგიტიმური უფლების დასაცავად, ბუნებრივია, და ლოგიკურია ევროპის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი. უბრალოდ, ჩვენთვისაც აქ ნიშანდობლივი გახლავთ ის, რომ აჟიოტაჟი, რომელიც მოეწყო ამ წლის მარტის თვეში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რასაკვირველია, იყო არამც თუ უბრალოდ გადაჭარბებული, არამედ თავიდან ბოლომდე ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი. ამ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა ჩნდება, რეალობა ასეთი გახლავთ. შესაბამისად, ალბათ საზოგადოებამაც სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს. ამ შემთხვევაში ყველასთვის გასაგები ხდება, რომ არც ისე დრამატულად ყოფილა მდგომარეობა, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, მარტში საქართველოში, როგორიც ეს ვინმეს შეიძლება, წარმოედგინა. ამის დასტური გახლავთ ევროპაში ასეთი ინიციატივის განხილვა და მიღება ასეთი ინიციატივების”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ევროკომისიამ წარადგინა „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს. საკანონმდებლო ინიციატივა ბრიუსელში ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დემოგრაფიისა და დემოკრატიის საკითხებში ევროკომისარმა, დუბრავკა შუიცამ წარადგინეს.