მიხეილ სარჯველაძე - „დიარჯის“ მოდელი მუდმივად განახლებას ექვემდებარება, პაციენტის საუკეთესო ინტერესებისთვის სამედიცინო სექტორმა და სახელმწიფომ ერთობლივად უნდა იმუშაონ
მიხეილ სარჯველაძე - „დიარჯის“ მოდელი მუდმივად განახლებას ექვემდებარება, პაციენტის საუკეთესო ინტერესებისთვის სამედიცინო სექტორმა და სახელმწიფომ ერთობლივად უნდა იმუშაონ

პაციენტის საუკეთესო ინტერესებისთვის სამედიცინო სექტორმა და სახელმწიფომ აუცილებლად ერთობლივი ძალისხმევით უნდა იმუშაონ. სწორედ ამგვარი თანამშრომლობით არის მოსახერხებელი იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც შეიძლება, იდენტიფიცირებული იყოს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, მათ შორის დღის წესრიგში დგას საკითხები, რომლებიც კლინიკების დაფინანსების ახალ მოდელს, ე.წ. დიარჯი სისტემას ეხება.

„კლინიკების დაფინანსების მოდელების მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და დღესაც დღის წესრიგში დგას გარკვეული საკითხები, რომლებიც აუცილებლად დახვეწას მოითხოვს. პაციენტის საუკეთესო ინტერესებისთვის სამედიცინო სექტორმა და სახელმწიფომ აუცილებლად ერთობლივი ძალისხმევით უნდა იმუშაონ. სწორედ ამგვარი თანამშრომლობით არის მოსახერხებელი იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც შეიძლება, იდენტიფიცირებული იყოს სექტორში. ჩემი რჩევა იქნებოდა, საკითხების შეფასებისას ვისაუბროთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ვისაუბროთ ფაქტებზე და გავთავისუფლდეთ მითებისგან. მათ შორის, სტატისტიკური ინფორმაცია შეიძლება მეტყველებდეს ძალიან მნიშვნელოვან გარემოებებზე და ამაზე დაყრდნობით შეგვიძლია კონკრეტული პოზიციების ჩამოყალიბება.

რაც შეეხება საკითხს, რის დახვეწაზე უნდა ვიმუშაოთ, უპირველესად უნდა ვთქვა, რომ თვითონ „დიარჯი“ მოდელი მუდმივი გაუმჯობესების მექანიზმებისა და ინსტრუმენტების არსებობას მოიაზრებს. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ახლა სწორედ ამაზეა სამუშაო, რომ საჭიროებებზე რეაგირების რაც შეიძლება სწრაფი შესაძლებლობები არსებობდეს. ისეთ საჭიროებებზე, რომლებიც ყოველთვის შეიძლება დადგეს დღის წესრიგში.

ყველა ქვეყანაში, სადაც „დიარჯის“ მოდელი არის იმპლემენტირებული, იქნება ეს აშშ თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, აღნიშნული მოდელი მუდმივად განახლებას ექვემდებარება. ზუსტად ამისი საჭიროება არის დანახული სექტორის მხრიდან ცალკეულ საკითხებთან მიმართებით, თუნდაც ფასების გადახედვის კუთხით. ისეთი ლოკალური საკითხებია, როგორიც არის, მაგალითად, ერთი ოპერაციის ფარგლებში სხვადასხვა დიაგნოზის დაფინანსების მოდელის დახვეწა და სხვა. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, საკვანძო საკითხებია, რასაც თანამშრომლობის გზით მუშაობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება. არათუ შეთანხმების კონტურები გამოიკვეთა, არამედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე სექტორის მხრიდან პოზიტიური განწყობა არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.