მიხეილ სარჯველაძე - ჩვენი გადაწყვეტილება ლოგიკურია, ვფიქრობ, „სამართლიანი არჩევნები“ უნდა გაემიჯნოს არასწორად წამოყენებულ მოთხოვნებს, რაც არ შეეფერება არასამთავრობო ორგანიზაციას
მიხეილ სარჯველაძე - ჩვენი გადაწყვეტილება ლოგიკურია, ვფიქრობ, „სამართლიანი არჩევნები“ უნდა გაემიჯნოს არასწორად წამოყენებულ მოთხოვნებს, რაც არ შეეფერება არასამთავრობო ორგანიზაციას

იმ შემთხვევაში, როცა სამოქალაქო სექტორის როლში მყოფი აქტორები უფრო მეტად წარმოადგენენ პოლიტიკურ აქტორებს, ისპობა ზღვარი პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო სექტორს შორის. აქედან გამომდინარე, უმჯობესია, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ, მათ დაიკავონ ადგილი და იყვნენ სამუშაო ჯგუფში ამ კვოტით, თორემ პოლიტიკური პარტიები ისედაც არიან წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ  განაცხადა.

მისივე თქმით, „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ლოგიკური და თანიმდევრულია.

„სამუშაო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას როცა ხელს ვუწყობთ და სამუშაო ჯგუფებში სამოქალაქო სექტორი წარმოდგენილი იყო, ეს ნიშნავს, რომ ამ შესაძლებლობით უნდა ისარგებლოს არასამთავრობო სექტორმა და არა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომელთაც სამუშაო ჯგუფებში თავიანთი ადგილი აქვთ. შესაბამისად, ისეთ შემთხვევაში, როცა აქტორები, რომლებიც სამოქალაქო სექტორის როლში არიან, სინამდვილეში უფრო მეტად წარმოადგენენ პოლიტიკურ აქტორებს, ისპობა ზღვარი პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო სექტორს შორის. აქედან გამომდინარე, უმჯობესია, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ, მათ დაიკავონ ადგილი და იყვნენ სამუშაო ჯგუფში ამ კვოტით, თორემ, პოლიტიკური პარტიები ისედაც არიან წარმოდგენილი.

რაც შეეხება უშუალოდ „ისფედს“, 2020 წლის პერიოდს რომ გადავავლოთ თვალი, იყო „პივიტის“ გაყალბება, რამაც რამხელა ვნებათაღელვა და როგორი არასწორი ინტერპრეტაციები გამოიწვია. რომ არა „ქართული ოცნების“ დიდი მცდელობა, რომ გამოაშკარავებულიყო, რეალურად რასთან გვქონდა საქმე, შეიძლება, ეს ფაქტი საზოგადოებისთვის უცნობი ყოფილიყო და საზოგადოება არასწორად ინფორმირებული იქნებოდა არასწორი დათვლის მექანიზმებზე.

ორგანიზაცია იძულებული გახდა, რომ შეცდომა ეღიარებინა, თუმცა ისიც ტექნიკურ გაუმართაობას დააბრალეს. ივნისში საპროტესტო აქციაზე ვიხილეთ არაერთი პოლიტიკური აქტორი. სამოქალაქო სექტორის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ხელისუფლების მიმართ არათუ კრიტიკული პოზიცია გამოხატა, არამედ ტექნიკური მთავრობის იდეას მხარი დაუჭირეს და მოითხოვეს, რომ ხელისუფლების ფორმირების წყარო თავად ყოფილიყვნენ. ასეთ ავტორებზე ვერ ვისაუბრეთ, რომ ისინი არიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ისინი ხდებიან პოლიტიკური აქტორები. ჩვენი გადაწყვეტილებაც ლოგიკური, თანმიმდევრულია და ვფიქრობ, რომ „ისფედი“ უნდა გაემიჯნოს არასწორად წამოყენებულ მოთხოვნებს, რაც არ შეეფერება არასამთავრობო ორგანიზაციას. ეს იქნება პირობა იმის, რომ დაუბრუნდეს კალაპოტს, რასაც სამოქალაქო სექტორი ჰქვია. ევროკავშირისთვის არც ერთ შემთხვევაში შეუმჩნეველი არ დარჩება ის გარემოება, რომ ჩვენ სამოქალაქო სექტორს ყველა კარი გავუღეთ, რათა სამუშაო პროცესში აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულნი. ჩვენ ორგანიზაცია მათი კრიტიკული დამოკიდებულების გამო არასოდეს შეგვიფასებია, წინააღმდეგ შემთხვევში „საია“ და „ინფორმაციის თავისუფლების კვლევის ინსტიტუტი“ ამ ჯგუფში ვერ მოხვდებოდნენ. მათ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულობა არ აკლიათ, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებად რჩებიან და ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩება ვერც ევროკავშირისთვის და ვერც სხვა შემფასებლისთვის, ვინც ამ პროცესებს ობიექტურად აფასებს. „ისფედის“ მიმართ მიღებული გადაწყვეტილება სამოქალაქო სექტორთან კონფრონტაციაში შესვლას არ ნიშნავს, ასეთი განწყობა და დამოკიდებულება არ გვაქვს. უბრალოდ, წარმოდგენილი უნდა იყოს სამოქალაქო სექტორი და არა პოლიტიკური აქტორები, რომელთათვის სამუშაო ჯგუფებში სხვა ადგილია გამოყოფილი და არ შეიძლება, ეს კვოტა პოლიტიკურ აქტორებს ჰქონდეთ დაკავებული“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა 18 აგვისტოს დაიწყო მუშაობა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ მაშინ განაცხადა: „პლატფორმის ჯგუფს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ამ პროცესში ჩართულობა არის სრულიად მიუღებელი, მათი მხრიდან მაინც მოხდა ამ ორგანიზაციის წარმოდგენა. მივიღეთ გადაწყვეტილება, „სამართლიანი არჩევნები“ არ მოვიწვიეთ ამ სხდომაზე. ამას აქვს თავისი საფუძველი, რადგან პროცესში ჩართული ორგანიზაციები უნდა ინარჩუნებდნენ ნეიტრალიტეტს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ეს ნეიტრალიტეტი დაკარგა“.

ამასთან, „სამართლიან არჩევნებში“ აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია 27 წლის განმავლობაში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს და „პროცესს აზიანებს, როდესაც პროფესიული ორგანიზაცია განსხვავებული მოსაზრების გამო იბლოკება“.