მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მე-11 რეკომენდაციას, რომელიც სტრასბურგის გადაწყვეტილებების ქართული მართლმსაჯულების სისტემაში ასახვას გულისხმობს, „სტრატეგია აღმაშენებლმა“ მხარი არ დაუჭირა
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მე-11 რეკომენდაციას, რომელიც სტრასბურგის გადაწყვეტილებების ქართული მართლმსაჯულების სისტემაში ასახვას გულისხმობს, „სტრატეგია აღმაშენებლმა“ მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც გულისხმობს წამახალისებელი მექანიზმების შემოტანას ქართულ კანონმდებლობაში, რომლის საშუალებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული, პოლიტიკური აქტორების მხრიდან საკმაოდ ფართო მხარდაჭერა ჰქონდა.

თუმცა, მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, რაც დასანანია.

„საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს წამახალისებელი მექანიზმების შემოტანას ქართულ კანონმდებლობაში, რომლის საშუალებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ცვლილებები იმ თვალსაზრისით, რომ კარგი საშუალებაა, ქართულ მართლმსაჯულებაში რაც შეიძლება აქტიურად გამოიყენებოდეს სტრასბურგის სასამართლოს მიღწევები. რაც შეეხება პოლიტიკური აქტორების მხრიდან მხარდაჭერას, საკმაოდ ფართო მხარდაჭერა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც დარბაზში ისხდნენ, მხარი არ დაუჭირეს. „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ საერთოდ არ იყო მხარდაჭერილი არც სიტყვით და არც ხმის მიცემით, რაც დასანანია, რადგან უკეთესი იქნებოდა, ყველას კონსენსუსი ყოფილიყო. ამით კანონს არაფერი დაკლებია, მაგრამ ამგვარმა უმოქმედობამ ამხილა ნამდვილი ჩანაფიქრები, რაც შეიძლება, ჰქონდეს ისეთ დესტრუქციულ ჯგუფს, როგორიც „სტრატეგია აღმაშენებელია“. მათი მხრიდან ამ კანონპროექტისთვის მხარის არდაჭერა ნიშნავს, რომ ისინი ისწრაფვიან არა იმისკენ, 12 პუნქტი შესრულდეს და საქართველომ მომდევნო ნაბიჯები გადადგას, არამედ ხელი შეეშალოს ამას, რადგან მათთვის მიუღებელია საქართველოს ასეთი მხარდაჭერა, თუ თავად არ არიან ამის შემოქმედები და არის „ქართული ოცნება“. ამიტომ ყველა მანქანით შეეცდებიან, ხელი შეუშალონ. არ არის სწორი ის, რომ ვიღაცას სადღაც ეჩქარებოდა და უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა. ეს რომ ერთეული შემთხვევა იყოს, შეიძლება, ვინმეს დაეჯერებინა, მაგრამ როცა სხვა ყველაფერში იგივე დამოკიდებულება ვლინდება, დამაჯერებელი არ არის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.