მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ დეპუტატის იმუნიტეტთან დაკავშირებულ საკითხებზე ცვლილებებს მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს, რაც სრულდება
შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების სურვილმა განაპირობა ასეთი ინიციატივის დაყენება, რომლის მიზანიც იქნება უფრო კვალიფიციური მხარდაჭერის საჭიროების შემოღება იმუნიტეტთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
აღნიშნულით სარჯველაძემ ისაუბრა დეპუტატის დაკავება/დაპატიმრებაზე, ან მისი საცხოვრებელი სახლის, სამუშაო ადგილის ჩხრეკასთან დაკავშირებით ცვილებების მიზანზე.
„ამას პირდაპირ ითვალისწინებს შარლ მიშელის დოკუმენტი, შესაბამისად, ეს სრულდება. მანამდე რამ განაპირობა ამ საკითხზე ჩანაწერის გაკეთება მიშელის დოკუმენტში, ამის ზუსტად ახსნა გამიჭირდება. თუმცა სავარაუდოა, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ ნაკლებად იყოს რისკები პოლიტიკური დებატებისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დეპუტატის დაკავება/დაპატიმრებაზე, ან მისი საცხოვრებელი სახლის ან სამუშაო ადგილის ჩხრეკაზე, პარლამენტის მხრიდან თანხმობის მიცემის კვორუმი იცვლება.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.