მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნის აუცილებლობა არ არსებობს
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნის აუცილებლობა არ არსებობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნის აუცილებლობა არ არსებობს.

როგორც სარჯველაძე ამბობს, არ ჰგონია, რომ დოკუმენტის სამართლებრივი შინაარსი ისეთი იყოს, რის გამოც ვენეციის კომისიის მოსაზრების მოსმენა აუცილებელია.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ არის ის ინიციატივა, რომელსაც ვენეციის კომისიაში გაგზავნა ესაჭიროება, რადგან არ მგონია, ამ დოკუმენტის სამართლებრივი შინაარსი ისეთი იყოს, რის გამოც აუცილებელია ვენეციის კომისიის მოსაზრების მოსმენა. ამ საკითხთან მიმართებით პოლიტიკური მდგენელი გაცილებით უფრო მაღალი ინტენსივობით არის, ვიდრე სამართლებრივი არგუმენტაცია, ვენეციის კომისიის კვლევის საგანი კი სამართლებრივი ნაწილია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ვენეციის კომისიისთვის მიმართვის აუცილებლობა არ არსებობს. პრაქტიკულად, თვისობრივად ერთგვარი საკანონმდებლო აქტებია ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი და უკრაინული მოდელი, რომელიც ვენეციის კომისიაში არის გაგზავნილი. ვენეციის კომისიის დასკვნის გაცემამდეც, ევროკომისიის მიერ გაკეთდა მკაფიო შეფასება, რომ კანონი კარგია, უკრაინა დაწინაურებულია, შესაბამისად, მოწოდება იყო ამ კანონის აღსრულებაზე. ესეც ამცირებს საჭიროებას და მიზანშეწონილობას ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ დადებაზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.