მიხეილ სალუაშვილი - არ შეიძლება, სახელმწიფოს ინტერესი კონსტიტუციის იმ ჩანაწერზე იყოს მიბმული, რომელიც მხოლოდ ერთი კონკრეტული ვექტორისკენ არის მიმართული
არ შეიძლება, სახელმწიფოს ინტერესი კონსტიტუციის იმ ჩანაწერზე იყოს მიბმული, რომელიც მხოლოდ ერთი კონკრეტული ვექტორისკენ არის მიმართული, რადგან სახელმწიფო ინტერესები მუდმივია და სამეზობლოსთან დაკავშირებული ურთიერთობა ყოველთვის ცვალებადი უნდა იყოს, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ სალუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.
„კონსტიტუციაში საგარეო კურსის შესახებ ჩანაწერის გაკეთება იმ ინერციამ გამოიწვია, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც დანაშაულებრივმა რეჟიმმა შემოგვთავაზა. მათ აზრის დანერგვა დაიწყეს, რომ თუ ახალარჩეული ხელისუფლება არ გააგრძელებდა იმ კონფრონტაციისა და დაპირისპირების პოლიტიკას, რომელსაც ისინი ატარებდნენ, მაშინ ის რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფად ჩაითვლებოდა. ახალი ხელისუფლება, მოექცა რა ამ გავლენის ქვეშ, კლიშისგან ვერ გათავისუფლდა და კონსტიტუციაში ჩანაწერის დაფიქსირებით მავანის და მავანის წინაშე მოინდომა დაფიქსირება, რომ ის ამ კურსის არანაკლებად გამტარებელია“, – განაცხადა სალუაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მოდის თუ არა კონსტიტუციაში ჩაწერილ ამ მუხლთან წინააღმდეგობაში მისი პროგრამა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადება წარმოადგენს და იმ შემთხვევაში, თუ ის პრეზიდენტი გახდება, ექნება თუ არა მას პრობლემა კონსტიტუციასთან, მიხეილ სალუაშვილმა აღნიშნა, რომ დასავლელი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც საქართველოს უდიდეს ხელშეწყობას უკეთებენ, ჩვენ მიერ აღებული პოლიტიკის გამო, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან, რადგან მათ ვთავაზობთ, ჩვენი ამა თუ იმ სამხედრო ბლოკში გაერთიანება ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გარანტისთვის მოხდეს, ამ დროს კი, ყველამ იცის, რომ იმ მოცემულობით, რაც დღეს არის, ამ საკითხის მოგვარება წარმოუდგენელია.
„ამიტომ, მათი დაპირებები – ხან კარია ღია, ხან ფანჯარა და, ხან ასპირანტი ხართ, იმ უხერხულობიდან მომდინარე საპასუხო რეაქციაა, რომელსაც მათ ჩვენ თვითონ ვუქმნით. ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის მოქცეული საქართველო ამ დაპირისპირების პოლიგონია და ამიტომ, მიგვაჩნია, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების შესახებ ჩვენი ინიციატივა ერთადერთი შესაძლებლობაა, რათა ამის განეიტრალება მოხდეს“, – განაცხადა სალუაშვილმა.
მისი თქმით, უნდა შეიქმნას ორგანიზაციული სტრუქტურა, გაერთიანება „კავკასიის მშვიდობის სახლი“, რომელშიც კავკასიის რეგიონში შემავალი ხუთივე სახელმწიფოს მონაწილეობა უნდა იყოს გარანტირებული და უნდა მოვიპოვოთ ზესახელმწიფოების გარანტია, ჩვენი სამხედრო ნეიტრალიტეტისა.
დებატში მონაწილე საპრეზიდენტო კანდიდატის, კახაბერ ჭიჭინაძის შეკითხვაზე, რა საკითხია პრიორიტეტული მათ პროგრამაში, მიხეილ სალუაშვილმა განაცხადა, რომ მათი შემოთავაზება, „კავკასიის მშვიდობის სახლის“ გარდა, მეორე მსგავს ინიციატივას ითვალისწინებს, რაც ეფუძნება რუსეთსა და ჩრდილო ატლანტიკურ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს შორის ბუფერული ზონის შექმნას, რომელმაც აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ბელორუსიის სახელმწიფოების მიერ შექმნილი ბუფერული ზონა უნდა მოიცვას.
„სამხედრო ნეიტრალიტეტის პრინციპზე დაყრდნობით, ეს ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარების გარანტორები უნდა გახდნენ“, – განაცხადა მიხეილ სალუაშვილმა.