ზურაბ ჯაფარიძე - ახლა რომ მკითხოთ, ვნანობ თუ არა ჩემი ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე რაღაც ნაბიჯების გადადგმას, გიპასუხებთ, არა
ზურაბ ჯაფარიძე - ახლა რომ მკითხოთ, ვნანობ თუ არა ჩემი ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე რაღაც ნაბიჯების გადადგმას, გიპასუხებთ, არა

ახლა რომ მკითხოთ, ვნანობ თუ არა ჩემი ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე რაღაც ნაბიჯების გადადგმას, გიპასუხებთ, რომ არა, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება – „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

„ჩემი აზრით, მაშინაც სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მივედი, რადგან ბევრი რაღაცები ვისწავლე, რაც მერე გამომადგა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ჩემთვის პოზიტიური გამოცდილებაა, რადგან რომ არა ეს გამოცდილება, „გირჩი“ არ იარსებებდა. ჩემთვის კი „გირჩი“დღეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რაღაცაა, რაც ჩემ ცხოვრებაშია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამ განცხადებით ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, მისთვის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის იმიჯისთვის, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გატარებული სამი წელიწადი დამაზიანებელია, თუ პირიქით.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ამას სოციოლოგიური კვლევა სჭირდება, რომელიც დაითვლის, ელექტორალური თვალსაზრისით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გატარებული სამი წელიწადი მისი იმიჯისთვის დამაზიანებელია, თუ პირიქით, მაგრამ პირადად მას მსგავსი რაღაცები ნაკლებად აღელვებს.

„ზოგადად, მე და „გირჩს“ ნაკლებად გვაღელვებს, რაღაცები ელექტორალურად მომგებიანია თუ წამგებიანი. საერთოდ, ნებისმიერი გამოცდილება, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური, რომელიც მივიღე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნის პერიოდი იქნება ეს, თუ პაატა ბურჭულაძესთან ბლოკში გაერთიანება, რაც ცალსახად შეცდომა იყო, არის გამოცდილება, რომელზეც ვსწავლობთ. „გირჩს“ გვჯერა, რომ ადამიანები რაციონალური არსებები ვართ, ანგელოზები არ ვართ და ვუშვებთ შეცდომებს. მთავარია, ამ შეცდომებზე ვისწავლოთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.