მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე - სასამართლო პროცესების ციხეში გაგრძელებას არ გეგმავს
დაცვის მხარის მოლოდინს, რომ სასამართლო აპირებს პროცესების პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებას, თითქოს ფარსში მონაწილეობს, ამას აქვე დავუსვამ წერტილს – სასამართლო არ გეგმავს პროცესების ციხეში გაგრძელებას და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, – ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, პენიტენციურშიც შეიძლება ჩატარდეს პროცესები, კანონმდებლობა იძლევა ამის შესაძლებლობას. მეც მქონია სხდომა ციხეში, მაგრამ ამისთვის საკმარისი საფუძველი უნდა იყოს და აუცილებლობა. როგორც წესი, ეს ბრალდებულის იმგვარი მდგომარეობაა, რაც ეტაპირების საშუალებას არ აძლევს, მაგრამ ბრალდებული ითხოვს ამას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მდგომარეობა გაცხადებული ინფორმაციით არის მძიმე, მაგრამ ბრალდებული არ ითხოვს ამას. ბუნებრივია, მის გარეშე ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება დისტანციურ ფორმას, დაცვის მხარის მხრიდან არ მომისმენია ამაზე ინფორმაცია, თუ მოგვაწვდით ამ ინფორმაციას, მოხარული ვიქნები“,- განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
ამასთან, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა.
„ბატონო ბადრი, რაც თქვენ გააჟღერეთ, ერთად აღებული ან ცალ-ცალკე, თქვენი უპირობო აცილების საფუძველია და ამ შუამდგომლობას ვაყენებ. თქვენ რომ ობიექტური და მიუკერძოებელი მსაჯული არ ხართ, აქამდეც ვიცოდით. ამაზე სერიოზული ეჭვები გვაქვს და დადასტურებული ფაქტებიც. მიხეილ სააკშვილის ჩამოსვლამდეც მკაფიო აზრი გვქონდა ამაზე. თქვენს კომპეტენციაზე ვთქვით, რომ კომპეტენციის ნაწილში აქამდე გვქონდა მოლოდინი და პრაქტიკა უჩვენებდა, რომ თქვენ კვალიფიციური ბრძანდებით, მაგრამ ახლა რაც ჩამოაყალიბეთ, როგორც სამართლებრივი კომპეტენცია და ლოგიკური დაკავშირება ფაქტების, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, შეძლებთ თუ არა წარუძღვეთ ამ საქმეს“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.